შალვა პაპუაშვილი - ხაზარაძის, ჯაფარიძისა და წერეთლის საქმეზე კითხვის ნიშანს სვამენ, იყო თუ არა დანაშაული, დღეს სასამართლომ დაადგინა, რომ ეს გახლავთ დანაშაული
შალვა პაპუაშვილი - ხაზარაძის, ჯაფარიძისა და წერეთლის საქმეზე კითხვის ნიშანს სვამენ, იყო თუ არა დანაშაული, დღეს სასამართლომ დაადგინა, რომ ეს გახლავთ დანაშაული

კითხვის ნიშანს სვამენ კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, ანუ იყო თუ არა დანაშაული, დღეს სასამართლომ დაადგინა, რომ ეს გახლავთ დანაშაული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების შესახებ დასმულ კითხვაზე განუცხადა.

„ეს მძიმე განაჩენია, რადგან ეს გახლავთ გამამტყუნებელი განაჩენი. როდესაც სასამართლომ მოახდინა ამ დანაშაულის კვალიფიცირება, აქედან გამომდინარე ვიცით, რომ მხარე აპირებს გასაჩივრებას, მაგრამ დღეს გვაქვს განაჩენი, ფაქტები, რომლებიც წარდგენილი იყო ბრალდების მხრიდან. სასამართლომ ჩათვალა, რომ ეს ფაქტები დადასტურებულია და დანაშაულის კვალიფიკაციაც მისცა ამას“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძისთვის პარლამენტარის უფლებამოსილების შეჩერებას, ამაზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა უნდა იმსჯელოს. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, კანონმდებლობა ითვალისწინებს უფლებამოსილების შეჩერებას, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს პარლამენტისა და დეპუტატების გადასაწყვეტია.

„უნდა დაველოდოთ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დასკვნას. რაც შეეხება სპეკულაციებს ამ საქმის პოლიტიკურ სარჩულთან დაკავშირებით, ფაქტობრივ გარემოებებს, რაზეც იყო საუბარი, მგონი, არავინ, მათ შორის, არც დაცვის მხარე აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ. 17 მილიონი დოლარის თუ ლარის, ზუსტად არ მახსოვს, ამ თანხის გამოტანა მოხდა „თიბისი ბანკიდან“, შემდეგ ამ თანხის გადასესხება მოხდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით არავის აქვს კითხვის ნიშანი. კითხვის ნიშანს ისინი გამოთქვამენ კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, ანუ იყო თუ არა ეს დანაშაული. დღეს სასამართლომ დაადგინა, რომ ეს გახლავთ დანაშაული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე ბრალდებები ფულის გათეთრების მუხლიდან თაღლითობის მუხლით გადააკვალიფიცირა, ისინი ამ მუხლით დამნაშავედ ცნო, საქმის ხანდაზმულობის გამო კი, საპატიმრო სასჯელი არ შეუფარდა.