შალვა პაპუაშვილი ხავიერ კოლომინას შეხვდა
შალვა პაპუაშვილი ხავიერ კოლომინას შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელ ხავიერ კოლომინას შეხვდა.

შალვა პაპუაშვილმა ხავიერ კოლომინას მადლობა გადაუხადა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს უკანასკნელი ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელშიც ქართული მხარე შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით იღებდა მონაწილეობას. შეხვედრაზე, ასევე, ხაზი გაესვა შემდგომი მაღალი დონის გაცვლებისა და ვიზიტების მნიშვნელობას.

ხავიერ კოლომინამ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცა. მისი თქმით, ნატო და ევროკავშირი ერთი მედლის ორი მხარეა და ორივეა მნიშვნელოვანი ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის ცხრა პრიორიტეტის წარმატებით შესრულების მნიშვნელობას. მისი შეფასებით, ნატო-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები მაღალ ნიშნულზეა და ახლა განსაკუთრებული მომენტია ამ ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს გეგმებზე ევროკავშირის ცხრა პრიორიტეტის განხორციელებასთან დაკავშირებით და, ასევე, ყურადღება გაამახვილეს საქართველოში დაგეგმილ 2024 წლის არჩევნებზე.

შეხვედრაში, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღეს ნატო-ში საქართველოს ელჩმა ვიქტორ დოლიძემ და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.