შალვა პაპუაშვილი ხავიერ კოლომინას შეხვდა
შალვა პაპუაშვილი ხავიერ კოლომინას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას შეხვდა.

შალვა პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა ნატო-ს წარმომადგენელს მისი პირადი ძალისხმევისთვის, ხელი შეუწყოს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას. თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ არსებული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე განსაკურებით მნიშვნელოვანია საქართველოს პროგრესი ნატო-ში გაწევრიანების გზაზე.

ხავიერ კოლომინამ დადებითად შეაფასა საქართველოსა და ნატო-ს შორის არსებული თანამშრომლობა. მისი თქმით, საქართველო ნატო-ს ღირებული პარტნიორია და ურყევია ნატო-ს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი. შალვა პაპუაშვილმა ხავიერ კოლომინას ევროკავშირის 12 რეკომენდაციის განხორციელების პროგრესზე ესაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლოს ევროპული საბჭო მიანიჭებს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.

ხავიერ კოლომინას თქმით, მისასალმებელია დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით საქართველოს პროგრესი. მან აღნიშნა, რომ ნატო გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას. შეხვედრას საქართველოს მხრიდან ასევე ესწრებოდნენ ნატო-ში საქართველოს წარმომადგენლობის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვიქტორ დოლიძე და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.