შალვა პაპუაშვილი - კეზერაშვილსა და ხაზარაძეს ოლიგარქობა აღიარებული აქვთ, მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა მოძებნოს საკუთარ სივრცეში ასეთი ოლიგარქების პარპაშის არდაშვების ინსტრუმენტები
შალვა პაპუაშვილი - კეზერაშვილსა და ხაზარაძეს ოლიგარქობა აღიარებული აქვთ, მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა მოძებნოს საკუთარ სივრცეში ასეთი ოლიგარქების პარპაშის არდაშვების ინსტრუმენტები

მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია ევროპელ კოლეგებთან, რათა ავუხსნათ, რომ რისკები, რომლებსაც შეიცავს კრიმინალი ოლიგარქების შეფარება, რეპუტაციულ ზიანს აყენებს თავად ევროკავშირს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

„ეს არის საკითხი, რომელზეც მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია ევროპელ კოლეგებთან, რომ მნიშვნელოვანია, ევროპის სივრცე არ იქცეს ოლიგარქების მხრიდან საქართველოს პოლიტიკაში ჩარევის პლაცდარმად. სამწუხაროდ, დღეს ასეთი ფაქტები არის. მათ შორის, დავით კეზერაშვილი თავს აფარებს ევროპულ სივრცეს, ევროკავშირის სივრცეს სწორედ ზოგიერთი ჯგუფის მფარველობით. ამაზე ჩვენ ყოველთვის გვაქვს კომუნიკაცია ევროპელ კოლეგებთან, თუ როგორ მოვახერხოთ, რომ საერთო ღირებულებები, რომლებსაც ვიზიარებთ, არ იყოს შელახული იმით, რომ კრიმინალები თავს აფარებენ ევროკავშირის სივრცეს, ისევე როგორც სხვა ოლიგარქები, რომლებიც ევროკავშირის სხვადასხვა კაბინეტში დაიარებიან ხოლმე. ეს არის ოლიგარქიული მმართველობის მავნე გავლენა ქართულ პოლიტიკაზე“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, დავით კეზერაშვილი და მამუკა ხაზარაძე თვითაღიარებული ოლიგარქები არიან.

„დღეისათვის ჩვენ ვხედავთ ორ ოლიგარქს, დავით კეზერაშვილისა და მამუკა ხაზარაძის სახით, რომლებიც არიან თვითაღიარებული ოლიგარქები. აქ მტკიცებაც კი აღარ არის საჭირო. მათ თავად აღიარებული აქვთ, რომ აქვთ პარტია, აფინანსებენ ტელევიზიებს და აფინანსებენ არასამთავრობო სექტორს. ასე რომ, თავად აღიარებული აქვთ, რომ ოლიგარქები არიან, ამიტომ მნიშვნელოვანია, იმ საერთო ღირებულებებზე დაყრდნობით, რომლებსაც ჩვენ ვიზიარებთ ევროკავშირთან ერთად, ევროკავშირმაც მოძებნოს საკუთარ ტერიტორიაზე ასეთი ოლიგარქების პარპაშის არდაშვების ინსტრუმენტები. ვხედავთ, რომ ამ მხრივ გამოწვევები ევროკავშირში არის, თუნდაც ინიცირებული დირექტივა ამაზე მეტყველებს, რომ ევროკავშირი ეძებს გზებს, როგორ შეიძლება მოხდეს ამის სამართლებრივი რეგულირება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, კონკრეტულად რა გზები არსებობს ამ მიმართულებით, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ეს სამართლებრივი საკითხებია, რომლებსაც შესაბამისი უწყებები განიხილავენ.

„ვიცით, რომ თავის დროზე ექსტრადირებაზე უარი ითქვა, თუ არ ვცდები, საფრანგეთის მხრიდან. რა თქმა უნდა, არსებობს ეჭვები, რომ არის გარკვეული პოლიტიკური თუ სხვა სახის კორუფციის შედეგი, რომ არ მოხდა დავით კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადირება. ადამიანის, რომელსაც არა მხოლოდ საქართველოში აქვს ჩადენილი დანაშაული, არამედ უკვე აღიარებულია, რომ მას საერთაშორისო დანაშაულები აქვს ჩადენილი ევროკავშირის მოქალაქე პენსიონერების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, როდესაც ასეთი დამნაშავეები თავს აფარებენ ევროკავშირის სივრცეს, ეს დამაზიანებელია თავად ევროკავშირისთვის, ამიტომაც ჩვენ გვაქვს ხოლმე ამაზე კომუნიკაცია. ჩვენ – ვგულისხმობ პარლამენტის წარმომადგენლებს, პოლიტიკურ დონეზე გვაქვს ამაზე საუბარი პოლიტიკოსებთან. რაც შეეხება სამართლებრივ  მექანიზმებს, ამისთვის პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო, სხვა უწყებები არიან, რომლების კომპეტენციაც არის ამაზე სამართლებრივად ზრუნვა. ჩვენ ამაზე ვზრუნავთ პოლიტიკურად, რათა ვაჩვენოთ, ავუხსნათ ევროპელ კოლეგებს, რომ რისკები, რომლებსაც შეიცავს კრიმინალი ოლიგარქების შეფარება ევროკავშირის სივრცეში, საბოლოო ჯამში, რეპუტაციულ ზიანს აყენებს თავად ევროკავშირს, ამიტომ მნიშვნელოვანია, საერთო ღირებულებების მიხედვით ვიმოქმედოთ და ვებრძოლოთ ოლიგარქიას ყველგან“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.