შალვა პაპუაშვილი - კარგია, რომ ნიკა მელია დათანხმდა გირაოს და რამდენიმეთვიანი ეპოპეა, რომელიც მისი პოლიტიკურ ტანჯულად გამოცხადების უშედეგო მცდელობა იყო, ამით დასრულდება
შალვა პაპუაშვილი - კარგია, რომ ნიკა მელია დათანხმდა გირაოს და რამდენიმეთვიანი ეპოპეა, რომელიც მისი პოლიტიკურ ტანჯულად გამოცხადების უშედეგო მცდელობა იყო, ამით დასრულდება

კარგია, რომ ნიკა მელიამ გონივრული გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„კარგია, რომ საბოლოო ჯამში, ნიკა მელია დათანხმდა გირაოს მიღებას და ეს რამდენიმეთვიანი ეპოპეა, რომელიც იყო უშედეგო მცდელობა მისი პოლიტიკურ ტანჯულად გამოცხადების, ამით დასრულდება. გვახსოვს მისი და „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები, რომ ვერ დაიჭერდნენ, რომ არ მიიღებდა არანაირ გირაოს და ყველა მტერი და „ეფესბეს“ აგენტი იქნებოდა, ვინც ამ გირაოს გადაიხდიდა. დღეს ვხედავთ, რომ მადლობებს უხდიან ევროკავშირს. ასე რომ კარგია, რომ გონივრული გადაწყვეტილება მიიღო. გახსოვთ, თავის დროზე იმის გამო, რომ გირაოს არ დათანხმდა, მოხდა აღკვეთის ღონისძიების შეცვლა და წინასწარი პატიმრობის შეფარდება. ახლა ის დაუბრუნდა მდგომარეობას, როდესაც თავის დროზე ეთანხმებოდა გირაოს და შესაბამისად, ასე დასრულდება ეს საკითხი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ამნისტიის კანონპროექტი მხოლოდ ნიკა მელიას არ ეხება.

„რაც შეეხება ამნისტიის პროექტს, ის ცალკე თემაა, რომელიც ეხება 20 ივნისის მოვლენას. ეს არ ეხება მხოლოდ ნიკა მელიას. ეს ეხება 20 ივნისს, როგორც ერთ-ერთ მოვლენას, რომელზეც დღემდე სხვადასხვა შეფასება არსებობს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან, ამიტომ 19 აპრილის შეთანხმება სწორედ იმაში მდგომარეობს , რომ ამ დღესთან დაკავშირებით სხვადასხვაგვარი შეფასებები გადაწყდეს ამნისტიით, დაიხუროს ეს გვერდი და გავიხედოთ წინ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.