შალვა პაპუაშვილი - კანონში გაიწერება, რომ პარტია როდესაც არაკონსტიტუციურად ცხადდება, თუ იგივე ადამიანები იმავე მიზნებით სხვა სახელს დაირქმევენ, ეს ჩვეულებრივი თაღლითობაა, რაც არ უნდა დავუშვათ
კანონში გაიწერება ე.წ. მემკვიდრე პარტიის ინსტიტუტი, რაც გულისხმობს, რომ როცა პარტია არაკონსტიტუციურად ცხადდება, თუ იგივე ადამიანები იმავე იდეოლოგიით და იმავე მიზნებით დადგებიან და სხვა სახელს დაირქმევენ, ეს ჩვეულებრივი თაღლითობაა, რაც არ უნდა დავუშვათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„პარტიების გაუქმების თაობაზე არაფერი იცვლება, როგორც აქამდე არსებობდა სისტემა, ისეა. სხვათა შორის, ამის გამოყენებით მაშინდელ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას ერთ-ერთი პარტიის გაუქმება სურდა და ამისთვის სარჩელი გამზადებული ჰქონდა. ზუსტად ის კანონია, რომლითაც ნინო ლომჯარია ერთ-ერთი პარტიის გაუქმებას აპირებდა. აქ არაფერი იცვლება, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ და მასთან დაკავშირებით ჩვენს პრეტენზიებს ეხება. კანონში გაიწერება ე.წ. მემკვიდრე პარტიის ინსტიტუტი, რაც იმას გულისხმობს, რომ როცა პარტია არაკონსტიტუციურად ცხადდება, თუ იგივე ადამიანები იმავე იდეოლოგიით და იმავე მიზნებით დადგებიან და სხვა სახელს დაირქმევენ, ეს ჩვეულებრივი თაღლითობაა, რაც არ უნდა დავუშვათ.
აქედან გამომდინარე, მემკვიდრე პარტიის დეფინიცია გაიწერება, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო რომელიმე პარტიას არაკონსტიტუციურად გამოაცხადებს და ამ პარტიის ბირთვი, როგორც მიზნები, ასევე ადამიანების შემადგენლობა იდენტური იქნება, ამ შემთხვევაში შესაძლებელი გახდება, საკონატიტუციო სასამართლოს ისევ მივმართოთ და უფრო დაჩქარებულ ვადებში განიხილავს. თუ დაადგენს, რომ იდენტურია აკრძალული პარტიის, მაშინ მასაც აკრძალავს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.