შალვა პაპუაშვილი - კანონპროექტის განხილვის ორი თვე იყო გაშვებული შანსი, დისკუსიაში შემოსულიყვნენ, ზოგიერთმა აქტორმა იარლიყის მიწებების გზა აირჩია, ვეტო კიდევ ერთი შანსია შინაარსობრივი მსჯელობისთვის
შალვა პაპუაშვილი - კანონპროექტის განხილვის ორი თვე იყო გაშვებული შანსი, დისკუსიაში შემოსულიყვნენ, ზოგიერთმა აქტორმა იარლიყის მიწებების გზა აირჩია, ვეტო კიდევ ერთი შანსია შინაარსობრივი მსჯელობისთვის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ოპოზიციამ, არასამთავრობო სექტორმა და უცხოელმა აქტორებმა გაუშვეს შანსი, შინაარსობრივ დისკუსიაში მიეღოთ მონაწილეობა.

პაპუაშვილის თქმით, ვეტოც არის კიდევ ერთი შანსი შინაარსობრივი მსჯელობისთვის.

„უკვე ორი თვეა, ჩვენ განვიხილავთ ამ პროექტს. ეს ორი თვე იყო გაშვებული შანსი როგორც ოპოზიციისთვის, არასამთავრობო სექტორისთვის, ისე დონორებისთვის და უცხოელი აქტორებისთვის, რომ შინაარსობრივ დისკუსიაში შემოსულიყვნენ. სამწუხაროდ, ზოგიერთმა აქტორმა აირჩია იარლიყის მიწებების გზა. ვეტოც არის კიდევ ერთი შანსი, რომ თუ ვინმეს შეუძლია, აქვს არგუმენტი და თავს ძლიერად გრძნობს შინაარსში, შემოვიდეს შინაარსობრივ მსჯელობაში. ამიტომ ვეტოსთან დაკავშირებით უარის თქმა, რომ მექანიზმად იყოს გამოყენებული შინაარსობრივი მსჯელობისთვის, კიდევ ერთხელ იქნებოდა ხელიდან გაშვებული შანსი დემოკრატიული მსჯელობისთვის, იქნებოდა კიდევ ერთი დასტური, რომ ზოგიერთ ჯგუფს და აქტორს სინამდვილეში კანონთან კი არ აქვთ პრობლემა, არამედ საკუთარი ფინანსების გამჭვირვალობასთან“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გუშინ მესამე მოსმენით მიიღო.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ აღნიშნულ კანონს ვეტოს დაადებს.

სალომე ზურაბიშვილის პოზიციაა, რომ წარმოადგენს ვეტოს, მაგრამ არცერთ მანიპულაციაში არ შევა: „პრეზიდენტს ეუბნებიან, ვეტო წარმოგვიდგინეთ, შიგ რაღაცები ჩაწერეთ, თქვენ ვერ წერთ, მაგრამ სხვები დაგიწერენ და წარმოგვიდგინეთ, შეიძლება, დავფიქრდეთო. იფიქრეთ თქვენ, მე ვეტოს წარმოვადგენ, მაგრამ არცერთ ასეთ მანიპულაციაში არ შევალ, არ დავიწყებ ამ თამაშებს“.

დღეს კი საქართველოში ვიზიტით მყოფი ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთობლივ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა: „მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს ავუხსენი, რომ ვეტოს დადებით ყალბ, ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში არ შევიდოდი, არა და არასოდეს“.