შალვა პაპუაშვილი - კანონების სტიგმატიზება, როგორც რუსულის, მოფიქრებულია „ენჯეოების“ დამფინანსებლების მიერ, სიტყვასიტყვით არის გადმოწერილი ამერიკული კანონი, ამერიკას თუ უწოდებენ რუსეთს, ეს მათი საკითხია
შალვა პაპუაშვილი - კანონების სტიგმატიზება, როგორც რუსულის, მოფიქრებულია „ენჯეოების“ დამფინანსებლების მიერ, სიტყვასიტყვით არის გადმოწერილი ამერიკული კანონი, ამერიკას თუ უწოდებენ რუსეთს, ეს მათი საკითხია

სტიგმატიზება კანონების, როგორც რუსული კანონის, არ არის საქართველოში მოფიქრებული პროპაგანდისტული ილეთი, ეს მოფიქრებულია მათ მიერ, რომლებიც აფინანსებენ „ენჯეოებს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, „ენჯეოები“ იყენებენ ყალბ პროპაგანდისტულ ხერხს და მას კითხვა აქვს დონორებთან, საქართველოში ევროკავშირის ელჩთან და სხვა საელჩოების წარმომადგენლებთან, რატომ ახალისებენ დეზინფორმაციულ პროპაგანდას ქართველი ხალხის წინააღმდეგ.

„სტიგმატიზება კანონების, როგორც რუსული კანონის და ა.შ. ხომ ვნახეთ და ბოლო პერიოდში ხომ კარგად ვხედავთ, რომ ეს არ არის საქართველოში მოფიქრებული პროპაგანდისტული ილეთი. ვხედავთ, ამ ილეთს როგორ იყენებენ ამერიკის ადმინისტრაციის წარმომადგენლების წინააღმდეგ  და როგორ იყენებდნენ, მათ შორის, ტრამპის წინააღმდეგ ისინი, ვინც აფინანსებენ ამ „ენჯეოებს“. ეს „ენჯეოები“ ტრამპის ადმინისტრაციასაც უწოდებენ პრორუსულს  და მის ზოგიერთ წარმომადგენელს. მისი დამფინანსებლები, მაგალითად, „მაკკეინის ინსტიტუტი“, პირდაპირ სექსუალურ მოძალადეს ეძახის ამერიკის მოქმედ პრეზიდენტს. ასე რომ, ეს არის მეთოდი, რომელიც არ არის საქართველოში მოფიქრებული, არამედ მოფიქრებულია მათი დამქირავებლების მხრიდან, რომლები აფინანსებენ ამ „ენჯეოებს“,

იმისთვის, რომ შეეწინააღმდეგო რაღაც კანონს ან რაიმე პროცესს, უნდა მიაწებო კლიშე რუსულისა და მორჩა, ამით გაექცე დისკუსიას. შეგახსენებთ, შარშან ოქტომბერში გამოვიდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთთან დაკავშირებით, რუსეთში მოქმედ კანონთან დაკავშირებით, სადაც სტრასბურგის სასამართლომ ჩამოწერა ექვსი კრიტერიუმი, რა შემთხვევაში იყო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დამრღვევი ამ ტიპის კანონები. ამ ექვსი საკითხიდან ქართულ კანონში, გამჭვირვალობის კანონში არცერთი არ არის. ამიტომ  სინამდვილეში, ეს არის ყალბი პროპაგანდისტული ხერხი, რომელსაც იყენებენ „ენჯეოები“ და კიდევ ერთხელ ვიტყვი, მე მათთან კითხვა არ მაქვს, კითხვა მაქვს დონორებთან, ევროკავშირის ელჩთან საქართველოში და სხვა საელჩოების თუ დონორების წარმომადგენლებთან, რატომ ახალისებენ ამ დეზინფორმაციულ პროპაგანდას ქართველი ხალხის წინააღმდეგ?“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული პროექტი სიტყვასიტყვით ამერიკული „ფარას“ ანალოგია.

„სპეციალურად, სიტყვასიტყვით არის ეს კანონი გადმოწერილი. იცით, რომ ინიცირებულ ვერსიაში სპეციალურად ამერიკული ტერმინებიც კი დავტოვეთ და შემდეგ შევასწორეთ ტერმინების დონეზე მხოლოდ. სიტყვასიტყვით არის ის, რაც არის ამერიკაში. ისინი თუ ამერიკას უწოდებენ რუსეთს, ეს მათი საკითხია და, სხვათა შორის, ამას აკეთებენ ეს „ენჯეოები“ – „საფარი“, „ისფედი“ თუ „გამჭვირვალობა“ და ა.შ. ეს ქართული „ენჯეოები“ ამერიკის დღევანდელ ხელისუფლებას უწოდებენ რუსეთთან გარიგებულ ხელისუფლებას. ანუ, ეს „ენჯეოები“ დღეს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ამერიკის ხელისუფლების ერთგულებას ამერიკელი ხალხის მიმართ და ამბობენ, რომ გარიგებული არიან რუსეთთან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია: „აშშ-ში მოქმედი „ფარა“ დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავისუფალი მედიის საქმიანობას არ უპირისპირდება, ივანიშვილის არალეგიტიმურ ხელისუფლებას კი სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ მიღებული რუსული კანონის გადაფუთვა სურს“.