შალვა პაპუაშვილი – ჯო უილსონს მარტო ჩვენ მიმართ კი არ აქვს აკვიატება, ამერიკის დელეგაციის ხელმძღვანელსაც კი მოაბეზრა თავი, ხელმძღვანელმა უთხრა, ამერიკაში აღარ დაგინახო ჩამოსულიო

18:25, 07.07.2026

ჩვენმა დელეგაციამ ყველაზე ადეკვატური პასუხი გასცა ამ ყველაფერს. ეს არის ერთი ადამიანის აკვიატება, რომელიც გადაეკიდა ჩვენს ქვეყანას, თავისი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე. ამ აკვიატებიდან ვერ გამოდის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს დაუსვეს კითხვა ჯო უილსონის, როგორც ამერიკის დელეგაციის წარმომადგენელის მიერ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუციის პროექტი წარდგენასთან დაკავშირებით.

პაპუაშვილის თქმით, ჯო უილსონის განცხადებებს ყურადღება არ უნდა მიაქციონ.

ამასთან, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ჯო უილსონმა ზუსტად თავისი აკვიატებებით მოაბეზრა თავი ამერიკის დელეგაციის ხელმძღვანელსაც, რომლის შესახებაც გავრცელდა ინფორმაცია.

„მისი ცნობილი სამსართულიანი მიმართვა საქართველოს მიმართ, როგორც პრორუსული, პროჩინური, პროირანული – მისი პირიდან გვესმის ხოლმე ასეთი პროფანაცია პოლიტიკური განცხადებისა და ამის შემდეგ, სერიოზულად არ უნდა მოვეპყროთ. ამას გვირჩევს მათ შორის ჩვენი ზოგიერთი ამერიკელი კოლეგა, რომ არ მივაქციოთ ყურადღება ჯო უილსონს. ამიტომ ყველაზე სწორი გამოსავალია, როგორც აკვიატების მქონე ადამიანებს ექცევიან, არ უნდა მივაქციოთ ყურადღება და გავატაროთ. მით უმეტეს, ახლა ვნახე, გამოვიდა ინფორმაცია მასა და ამერიკის დელეგაციის ხელმძღვანელს შორის დაპირისპირებასთან დაკავშირებით. აქაც მკაფიოდ გამოჩნდა, მარტო ჩვენ მიმართ აკვიატება კი არ აქვს, თავი მოაბეზრა თავისი დელეგაციის ხელმძღვანელსაც კი, ზუსტად თავისი აკვიატებებით. ხელმძღვანელმა უთხრა, ამერიკაში აღარ დაგინახო ჩამოსულიო. ასე აკვიატებული დამოკიდებულებებით თავს აბეზრებს ყველას. თავი მოაბეზრა უკვე ქართულ საზოგადოებასაც თავისი დამოკიდებულებით. რას ვიზამთ, თავს ზემოთ ძალა არ არის, მთავარია, ამ ადამიანის ქცევაზე ნერვები არ ავიშალოთ, როგორმე გადაივლის ეს ყველაფერი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ამერიკულმა გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია სენატორ როჯერ უიკერსა და ჯო უილსონს შორის კონფლიქტთან დაკავშირებით, რომელიც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მომავალი წლის სესიის მასპინძლობას ეხება. გამოცემის ცნობით, უილსონი 2024 წლიდან ცდილობდა, სესია მისსავე შტატში, ჩარლსტონში გამართულიყო. როგორც Semafor წერს, გასულ კვირას უიკერმა უილსონს ტელეფონით შეატყობინა, რომ ჩარლსტონს ღონისძიების მასპინძლობა არ შეეძლო. Semafor-ის მიერ მოპოვებული ტექსტური მიმოწერის მიხედვით, უიკერმა უილსონს მისწერა, რომ საკითხი „დახურულია“ და მოსთხოვა, „შეეწყვიტა საკუთარი და აშშ-ის დელეგაციის შერცხვენა“.

ამასთან, გამოცემის ინფორმაციით, როჯერ უიკერმა თავდაპირველად უილსონს დელეგაციის საერთო თვითმფრინავით ნიდერლანდებიდან შეერთებულ შტატებში დაბრუნება აუკრძალა და უთხრა, სხვანაირად მოეხერხებინა დაბრუნება. მოგვიანებით კი, ეს გადაწყვეტილება გააუქმა – უილსონს, მის თანაშემწესა და მეუღლეს დელეგაციის თვითმფრინავით დაბრუნების უფლება მისცა.

მსგავსი