ამერიკული გამოცემა – უიკერსა და უილსონს შორის ეუთო-ს ასამბლეის მასპინძლობაზე კონფლიქტი წარმოიშვა, უიკერმა უილსონს მოსთხოვა, აშშ-ის დელეგაციის შერცხვენა შეეწყვიტა და დელეგაციის თვითმფრინავით სარგებლობა დროებით აუკრძალა

17:51, 07.07.2026

ორ რესპუბლიკელ კონგრესმენს, მისისიპის სენატორს, როჯერ უიკერსა და სამხრეთ კაროლინის წარმომადგენელს, ჯო უილსონს შორის ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მომავალი წლის სესიის მასპინძლობასთან დაკავშირებით კონფლიქტი წარმოიშვა, – ამის შესახებ ამერიკული გამოცემა Semafor წერს.

გამოცემის ცნობით, უილსონი 2024 წლიდან ცდილობდა, სესია მისავე შტატში, ჩარლსტონში გამართულიყო.

მარტში უიკერმაც ხელი მოაწერა ორპარტიულ წერილს, რომელიც ღონისძიებისთვის 4 მილიონი დოლარის ფედერალურ დაფინანსებას ითხოვდა. თუმცა, როგორც Semafor წერს, გასულ კვირას უიკერმა პოზიცია შეცვალა და უილსონს ტელეფონით შეატყობინა, რომ ჩარლსტონს ღონისძიების მასპინძლობა არ შეეძლო.

უიკერმა აღნიშნულის მიზეზად წვეულებისთვის კვების ორგანიზების პრობლემები და სესიის მაღალი ხარჯები დაასახელა.

გამოცემის ინფორმაციით, უილსონი ამ ფაქტმა აღაშფოთა და განაცხადა, რომ უიკერის წინააღმდეგობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.

ჯო უილსონმა, ასევე, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ, „მავნე ჭორების“ მიუხედავად, ჩარლსტონში ღონისძიების მოსამზადებელი სამუშაოები ფართო მხარდაჭერით მიმდინარეობდა.

გამოცემის ცნობით, დაძაბულობა კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც უიკერმა განაცხადა, რომ აშშ მომავალი წლის სესიის მასპინძლობას აღარ გეგმავდა.

Semafor-ის მიერ მოპოვებული ტექსტური მიმოწერის მიხედვით, უიკერმა უილსონს მისწერა, რომ საკითხი „დახურულია“ და მოსთხოვა, „შეეწყვიტა საკუთარი და აშშ-ის დელეგაციის შერცხვენა“.

ამასთან, გამოცემის ინფორმაციით, როჯერ უიკერმა თავდაპირველად უილსონს დელეგაციის საერთო თვითმფრინავით ნიდერლანდებიდან შეერთებულ შტატებში დაბრუნება აუკრძალა და უთხრა, სხვანაირად მოეხერხებინა დაბრუნება. მოგვიანებით კი, ეს გადაწყვეტილება გააუქმა – უილსონს, მის თანაშემწესა და მეუღლეს დელეგაციის თვითმფრინავით დაბრუნების უფლება მისცა.

უილსონის თქმით, ღონისძიების ორგანიზატორებმა უკვე დაჯავშნეს ჩარლსტონის Gaillard-ის ცენტრი და მიმდებარე სასტუმროები, ასევე, მოწვევები გაუგზავნეს ეუთო-ს ელჩებს. მისივე განცხადებით, ამჟამინდელი გაურკვევლობა ევროპელ პარტნიორებს არასწორ სიგნალს უგზავნის იმის შესახებ, რომ ამერიკა სანდო არ არის.

მსგავსი