შალვა პაპუაშვილი - იშვიათია შემთხვევა, როდესაც ვეტოს დაძლევის მიუხედავად, პრეზიდენტი ხელს არ აწერს კანონპროექტს
შალვა პაპუაშვილი - იშვიათია შემთხვევა, როდესაც ვეტოს დაძლევის მიუხედავად, პრეზიდენტი ხელს არ აწერს კანონპროექტს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, იშვიათია შემთხვევა, როდესაც ვეტოს დაძლევის მიუხედავად, პრეზიდენტი ხელს არ აწერს კანონპროექტს. ამის შესახებ პაპუაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, პაპუაშვილის განცხადებით, არც ვენეციის კომისიას, არც პრეზიდენტს, არც რომელიღაც აქტორს არ უთქვამს, რომ ეს კანონი რაიმენაირად ეწინააღმდეგება რომელიმე ევროპულ კანონს.

„წინა მოწვევის პარლამენტში ეს მოხდა მხოლოდ ერთხელ და ამ მოწვევის პარლამენტში ამ შემთხვევაში ხდება. ერთია, პრეზიდენტს რა სახის შენიშვნები შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ თუ პარლამენტი, როგორ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, ადასტურებს თავის გადაწყვეტილებას და არ იზიარებს შენიშვნებს, ამ შემთხვევაში, არ არსებობს საფუძველი, რომ ხელი არ მოეწეროს კანონს. მიზანშეწონილობის ხარისხს განსაზღვრავს პარლამენტი და ამაზეც ითქვა, რომ ეს მუხლები, რომლებზეც არის მსჯელობა, ეხება, მაგალითად, ადამიანებით ვაჭრობას, მკვლელობას, ტერორიზმს. ამ საკითხებზე რომ ეფექტიანი უნდა იყოს გამოძიება, მგონი, კითხვის ნიშნები არ არსებობს. ეს საკითხი სრულად ეხება როგორც ქვეყნის უსაფრთხოებას, ასევე მოსახლეობისა და მათ შორის დანაშაულის პრევენციას თუ გამოძიებას. ჩვენი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა, ეს ეფექტიანი მეთოდებით იქნას უზრუნველყოფილი. არც ვენეციის კომისიას, არც პრეზიდენტს, არც რომელიღაც აქტორს არ უთქვამს, რომ ეს კანონი რაიმენაირად ეწინააღმდეგება რომელიმე ევროპულ კანონს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ კანონპროექტს, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა.