შალვა პაპუაშვილი - ის, რაც მოხდა პიკეტირების კუთხით, იყო აბსოლუტურად წარმოუდგენელი, ძალიან კარგია, რომ ჩვენმა ოპონენტებმა გადაიფიქრეს პროტესტის ასეთი ფორმა
შალვა პაპუაშვილი - ის, რაც მოხდა პიკეტირების კუთხით, იყო აბსოლუტურად წარმოუდგენელი, ძალიან კარგია, რომ ჩვენმა ოპონენტებმა გადაიფიქრეს პროტესტის ასეთი ფორმა

ის, რაც მოხდა პიკეტირების კუთხით, იყო აბსოლუტურად წარმოუდგენელი, ძალიან კარგია, რომ ჩვენმა ოპონენტებმა გადაიფიქრეს პროტესტის ასეთი ფორმა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

რაც შეეხება მოლაპარაკებებს, მისი თქმით, მმართველი გუნდი მზად არის ნებისმიერი დიალოგისთვის.

„ძალიან კარგია, რომ ჩვენმა ოპონენტებმა გაიაზრეს, ის, რაც მოხდა პიკეტირების კუთხით, იყო აბსოლუტურად წარმოუდგენელი რამ. ძალიან კარგია, რომ მათ გადაიფიქრეს ასეთი ტიპის ღონისძიებები და პროტესტის ასეთი სახით გამოხატვა. ვურჩევდი, რომ მომავალში ასე გააგრძელონ.

რაც შეეხება დიალოგს, ამ დიალოგისთვის ჩვენ გახსნილები ვართ, მათ შორის დაწყებული გვაქვს ერთი ფორმატი, ეს იყო საარჩევნო რეფორმის სამუშაო ჯგუფი, სადაც მათ მონაწილეობის მიღება და იმ დიალოგის ბოლომდე მიყვანა შეეძლოთ, რაც შეეხებოდა საარჩევნო სისტემას. მეორე ფორმატი – ეს არის საგამოძიებო კომისია, სადაც მათ შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ და ისინი იყვნენ წამყვანები ამ კომისიაში, რათა 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით თუკი რაიმე ეჭვი აქვთ, თავად გამოიკვლიონ. ჩვენ სხვა ნებისმიერი ფორმატისთვისაც ვართ მზად. ჩვენ დარწმუნებული ვართ საკუთარ თავში, რადგან ჩვენ ვართ სიმართლის მხარეს. აქედან გამომდინარე, მყარად ვდგავართ ჩვენს პოზიციაზე და მზად ვართ ნებისმიერი დიალოგისთვის. საქმე იმაშია, რომ იმდენად დარწმუნებული ვართ ჩვენს პოზიციებში, რომ ჩვენ წარმომადგენლობა აქ რაოდენობით არ განისაზღვრება, არამედ არგუმენტით და ჩვენს არგუმენტს ერთი ადამიანი წარმოადგენს, ორი თუ სამი, მნიშვნელობა არ აქვს. ის არის მართალი არგუმენტი და ეს არის ჩვენი მყარი პოზიცია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.