შალვა პაპუაშვილი - ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობის დროს, საქართველომ ავღანეთში ნატო-ს სამშვიდობო მისიებში ერთ სულ მოსახლეზე გაგზავნილი სამხედროების მიხედვით ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა
შალვა პაპუაშვილი - ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობის დროს, საქართველომ ავღანეთში ნატო-ს სამშვიდობო მისიებში ერთ სულ მოსახლეზე გაგზავნილი სამხედროების მიხედვით ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა

საქართველოს არ აქვს არც დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან და არც მისგან მომდინარე საფრთხისგან არის დაცული. 2008 წლის შემდეგ, რუსეთის საოკუპაციო ძალები საქართველოს დედაქალაქიდან სულ რაღაც, 30 კილომეტრში, ქვეყნის ძირითად სტრატეგიულ მაგისტრალიდან კი, რამდენიმე ასიოდე მეტრში არიან განლაგებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი Civil.ge – ში გამოქვეყნებულ წერილში წერს.

მისი თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ბევრი სირთულის გადალახვა მოუწია.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ათწლეულების განმავლობაში, საქართველო იყო რუსეთის მიერ ყველაზე მეტად დაზარალებული და სანქცირებული ქვეყანა.

„ამასთანავე, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველომ ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი ადამიანური და მატერიალური დანაკარგი განიცადა. საქართველოს დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება დარტყმის ქვეშ, ჯერ კიდევ სახელმწიფოებრიობის მოპოვებამდე, საბჭოთა კავშირისა და რუსეთის მიერ წახალისებული სეპარატიზმის გამო, ხოლო მოგვიანებით, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის პირდაპირი სამხედრო აგრესიის დროს აღმოჩნდა. აგრესია გრძელდება უკანონო ე.წ. ბორდერიზაციით, საქართველოს მოქალაქეების გატაცებითა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, საქართველოს ტერიტორიის თითქმის მეხუთედი ნაწილის, მცოცავი ანექსიით. უკანასკნელ პერიოდამდე ქართველებს არ შეეძლოთ რუსეთში ვიზების გარეშე შესვლა, რუსეთის სახმელეთო საზღვარი ჩვენთვის ჩაკეტილი და პირდაპირი ფრენები კი, წლების განმავლობაში, აკრძალული იყო. როგორც რუსეთის პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტი, საქართველოს საექსპორტო პროდუქცია პერიოდულად რუსული ემბარგოს ქვეშ ექცეოდა. შესაბამისად, ათწლეულების განმავლობაში, საქართველო იყო რუსეთის მიერ ყველაზე მეტად დაზარალებული და სანქცირებული ქვეყანა.

რუსეთის შემოჭრის შემდეგ, უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების რჩევის გათვალისწინებით, საქართველო ატარებდა სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას. წლების მანძილზე ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა ვყოფილიყავით პასუხისმგებლიანი აქტორი რუსეთიდან მომდინარე საფრთხის წინაშე. ვყოფილიყავით მტკიცე, რათა უფრო მდგრადი გაგვეხადა ჩვენი დემოკრატია და ინსტიტუტები; ასევე, ვყოფილიყავით აქტიურები საერთაშორისო დონეზე, რათა საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი პარტნიორებისთვის დახმარების ხელი გაგვეწოდებინა. აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობის დროს, საქართველომ ავღანეთში ნატო-ს სამშვიდობო მისიებში ერთ სულ მოსახლეზე გაგზავნილი სამხედროების მიხედვით ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ასევე ვრცლად საუბრობს საქართველოსადმი უსამართლო დამოკიდებულებაზე პარტნიორების მხრიდან. მისი თქმით, ჩვენი ქვეყანა უსამართლო დამოკიდებულების მსხვერპლი ხშირად გამხდარა.

„ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ გვაქვს უფლება, ეჭვის ქვეშ დავაყენოთ ჩვენი ზოგიერთი კრიტიკოსად ქცეული პარტნიორის ორსახოვანი დამოკიდებულება საქართველოს მთავრობის მიმართ, რადგან საქართველო არაერთხელ გახდა უსამართლო და ფარისევლური მოპყრობის ობიექტი. ეს ფარისევლობა კი განსაკუთრებით გამომჟღავნდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.

ათწლეულების განმავლობაში, უცხო ძალის ოკუპაციის ფონზე, არსებობის და თითქმის ყოველდღიური საგარეო საფრთხეებისა და შევიწროების მიუხედავად, დასავლეთი დიდი ხნის განმავლობაში პასიურ რეჟიმში იმყოფებოდა. 2008 წლის ომის შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებმა საქართველოს იარაღის შეძენაზე დე ფაქტო ემბარგო დაუწესეს და ომიდან მალევე, რუსეთთან გამოაცხადეს მარცხისთვის განწირული „გადატვირთვის“ პოლიტიკა. შემდგომ წლებში, ამ სახელმწიფოებიდან ბევრმა უპრეცედენტო დონემდე გაზარდა მოსკოვთან ვაჭრობა და საკუთარი ენერგო უსაფრთხოება რუსეთის მარწუხებში მოაქცია. დღემდე, ევროპის ზოგიერთ ქვეყანას ეშინია, საქართველოში რუსეთის ქმედებებს დაარქვას ზუსტი სახელი – ოკუპაცია. ეს ხდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილების მიუხედავად, რომლებიც აღიარებს რუსეთის ეფექტურ კონტროლს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – წერს შალვა პაპუაშვილი.