შალვა პაპუაშვილი - ინკლუზიურობაზე როცა ვსაუბრობთ, ვერავის ვაიძულებთ, პროცესის მონაწილე იყოს, ერთადერთი, შეგვიძლია, გავხსნათ კარი პოლიტიკური ჯგუფებისთვის, კარი არ უნდა დავხუროთ
შალვა პაპუაშვილი - ინკლუზიურობაზე როცა ვსაუბრობთ, ვერავის ვაიძულებთ, პროცესის მონაწილე იყოს, ერთადერთი, შეგვიძლია, გავხსნათ კარი პოლიტიკური ჯგუფებისთვის, კარი არ უნდა დავხუროთ

როცა ინკლუზიურობაზე ვსაუბრობთ, ვერავის ვაიძულებთ, პროცესის მონაწილე იყოს. ერთადერთი, რაც ჩვენს ხელშია, გავაკეთოთ, არის, რომ კარი გავხსნათ სხვა პოლიტიკური ჯგუფებისთვის, რომლებიც შეიძლება, პროცესში არ არიან ჩართულნი. კარები უნდა იყოს ღია, მიუხედავად იმისა, დღეს შემოვლენ თუ არა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკომისიის რეკომენდაციებზე მუშაობის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, კარი უნდა იყოს ღია და ადრე თუ გვიან, ყველა ამ პროცესის ნაწილი გახდება.

„ყველა ვთანხმდებით, რომ ამ მოწვევის პარლამენტს საკმაოდ რთული დაბადების პროცესი ჰქონდა.  გვახსოვს ბოიკოტიც, საბოტაჟიც და სხვა დანარჩენიც, თუმცა სწორედ ეს არის დეპუტატების წარმატება, რომლებიც ცდილობენ, აღნიშნული ატმოსფერო გაუმჯობესდეს. ამ წარმატების შედეგია, რომ ზაფხულის განმავლობაში, როცა ევროკომისიის რეკომენდაციებზე მუშაობა მიმდინარეობდა, რვა საპარლამენტო ჯგუფიდან ხუთი პოლიტიკური ჯგუფი თანამშრომლობდა. ახლა უკვე ნელ-ნელა, სამი ჯგუფიდანაც არიან ან ცალკეული დეპუტატებიც, რომლებიც ერთობლივ გადაწყვეტილებებში მოგვყვებიან. მაგალითისთვის, სტრასბურგის სასამართლოზე მომზადებულ კანონპროექტს მხარი ყველამ დაუჭირა, ასევე სახალხო დამცველის შერჩევის პროცედურებზე შევთანხმდით. გარკვეული უნდობლობები შეიძლება, დარჩეს და არის დესტრუქციული ელემენტებიც, თუმცა ჩვენი მიდგომა მარტივია. როცა ინკლუზიურობაზე ვსაუბრობთ, ვერავის ვაიძულებთ, რომ პროცესის მონაწილე იყოს. ერთადერთი, რაც ჩვენს ხელშია, გავაკეთოთ, არის, რომ პროცესის კარი გავხსნათ სხვა პოლიტიკური ჯგუფებისთვის, რომლებიც შეიძლება, პროცესში არ არიან ჩართულნი. კარები უნდა იყოს ღია, მიუხედავად იმისა, დღეს შემოვლენ თუ არა, კარი მაინც არ უნდა დავხუროთ. ეს კარი უნდა იყოს ღია ხვალაც, ზეგაც და, ადრე თუ გვიან, ყველა ამ პროცესის ნაწილი გახდება, როგორც კი ნახავს, რომ სიტუაცია ასეთი წარმატებულია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუს დროს.

კითხვაზე, „ღია კარების შემდეგ როგორი იქნება შედეგი? რის დათმობას აპირებთ თქვენ ან ისინი, რადგან სასწორზე დგას ქვეყნის მეტი ინტეგრაციის პროცესი“, – პაპუაშვილის განმარტებით, საკითხი უნდა დავსვათ არა ისე, ვინ რას დათმობს, არამედ, რა არის უკეთესი.

„ამა თუ იმ ჯგუფს რომ ჰქონოდა არჩევანი, რა დაეთმო ან არ დაეთმო, ჩვენი მიდგომა თავიდანვე იყო შემდეგი – თავიდანვე პოზიცია არ გვქონოდა დაფიქსირებული ამა თუ იმ საკითხზე და შეგვექმნა სამუშაო ჯგუფები, სადაც მსჯელობა იქნებოდა ყველა საკითხზე. ასევე, გვეცადა, ერთობლივად მივსულიყავით გადაწყვეტილებამდე და არა ისე, რომ ერთი მხარე იტყოდა თავის პოზიცია, მეორეს მეორე და ყოფილიყო ჭიდილი, ვინ რას დათმობდა და რამდენ სანტიმეტრს მოაკლებდა ძალიან მაღალი მოთხოვნებიდან. ამან აჩვენა, რომ ეს იყო სწორი მიდგომა. საარჩევნო ცვლილებებს ან საპარლამენტო კონტროლის ნაწილს თუ ავიღებთ, პროექტები უკვე დაინიცირებულია და სამუშაო ჯგუფი კონსენსუსამდე მივიდა. საკითხი უნდა დავსვათ არა ისე, ვინ რას დათმობს, არამედ, რა არის უკეთესი. უნდა ვიკამათოთ, რა არის უკეთესი და არა იმაზე, ვინ რას დათმობს, რადგან საქართველოში შეჯახების კონცეფცია ბევრჯერ იყო და არ მუშაობს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.