შალვა პაპუაშვილი - იმედი მაქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა ევროპარლამენტში იქნება გამსჭვალული ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის წახალისებით და არა პირიქით, რომ რამენაირად შეფერხდეს
შალვა პაპუაშვილი - იმედი მაქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა ევროპარლამენტში იქნება გამსჭვალული ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის წახალისებით და არა პირიქით, რომ რამენაირად შეფერხდეს

იმედი მაქვს, რომ ახლა, განსაკუთრებულ მომენტში, საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა იქნება გამსჭვალული ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის წახალისებით და არა პირიქით, რომ რამენაირად შეფერხდეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის შესახებ კომენტარისას განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შეფასებისას აღნიშნა, ისურვებდა, „რომ ყველაფერს თავისი ადგილი, ფორმა, ტრადიციები ჰქონდეს“.

„არ მინდა, შევიდე პოლემიკაში პრეზიდენტთან. უბრალოდ, ერთს ვისურვებდი, ყველაფერს აქვს თავისი ადგილი, ფორმა, ტრადიციები. მათ შორის ის, თუ აღლუმზე რა განწყობა არის და რა განწყობის უნდა იყოს, მათ შორის, გამოსვლები. ეს უნდა იყოს, რა თქმა უნდა, აღმატებული განწყობა, როდესაც გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ჯარის წინაშე და წვევამდელების წინაშე, რომლებიც დებენ ფიცს.

ამიტომ მნიშვნელოვანია ხოლმე, ამ დროს ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების მიმართვაც სწორედ ამ სულისკვეთებით იყოს განმსჭვალული, რომელიც არის საზეიმო დღე და შესაბამისი შინაარსი და ფორმები უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ევროპარლამენტთან მიღწეული შეთანხმებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს ბრიუსელში 31 მაისს მიმართავს.