შალვა პაპუაშვილი - იმედი მაქვს, პრეზიდენტი დაუბრუნდება კონსტიტუციის ჩარჩოს, რადგან მისი ვალდებულებაა და არა ნება, რომ კონსტიტუციის შესაბამისად იმოქმედოს
შალვა პაპუაშვილი - იმედი მაქვს, პრეზიდენტი დაუბრუნდება კონსტიტუციის ჩარჩოს, რადგან მისი ვალდებულებაა და არა ნება, რომ კონსტიტუციის შესაბამისად იმოქმედოს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, ლოგიკაში არ ჯდება, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ დრომდე არ აკმაყოფილებს დასკვნას ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

პაპუაშვილის შეფასებით, არის მცდელობა, მოხდეს ეროვნული ბანკის, როგორც ინსტიტუტის დისკრედიტაცია და, მეორე მხრივ, შენარჩუნდეს რადიკალური დღის წესრიგი.

„შეიძლება, მოვუძებნოთ ერთადერთი ახსნა, რომ, ერთი მხრივ, მცდელობაა, მოხდეს ინსტიტუტის დისკრედიტაცია, ეროვნულ ბანკს ვგულისხმობ, მეორე მხრივ, რადიკალური დღის წესრიგის შენარჩუნება და რადიკალური ჯგუფებისთვის სალაპარაკოს მიცემა. სხვა მხრივ, ეს ყველაფერი ლოგიკაში აღარ ჯდება და ვერ ვხსნი.

იმედი მაქვს, პრეზიდენტი დაუბრუნდება კანონის, კონსტიტუციის ჩარჩოს, რადგან მისი ვალდებულებაა და არა ნება, რომ კონსტიტუციის შესაბამისად იმოქმედოს. ვფიქრობ, უკვე ისეთი მდგომარეობა გვაქვს, რომ მოტივაცია არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, როგორც მოქმედებებია დამაზიანებელი და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 19 სექტემბერს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პრეზიდენტი იუსტიციის სამინისტროდან ელოდებოდა ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას, რომელსაც დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებდა. ამასთან, 20 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა მიზანშეწონილად მიიჩნია და საქართველოს პრეზიდენტს შესაბამისი დასკვნა გადაეგზავნა. 22 სექტემბერს კი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტს ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიაჩნია. გარდა ამისა, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: „პრეზიდენტი არც კონსტიტუციას არღვევს და არც კანონს, მოქალაქეობის საკითხებზე განცხადების, წარდგინების განხილვისა და გადაწყვეტის ვადა სამ თვეს არ უნდა აღემატებოდეს“.