შალვა პაპუაშვილი - იმ ფონზე, რა დარტყმებსაც საქართველო იღებს, მათ შორის, ბრიუსელიდან და მიუხედავად მუდმივი იწილობიწილოსი, საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით უსწრებს ყველას ევროპასა და აზიაში
ზოგადად, 2030 წელი არის მთავარი სამიზნე, სადაც გვინდა, როგორც ინსტიტუციურად წარმოვიდგინოთ, სად უნდა იყოს საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისით, სად უნდა იყოს კეთილდღეობის თვალსაზრისით და სად უნდა იყოს საქართველო წინ წაწეული იმ მხრივ, რომ ჩვენ ორი მთავარი ამოცანა შევასრულოთ, აღვადგინოთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და უზრუნველვყოთ თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის ამაღლება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკურ წინსვლაზე. მისი თქმით, საქართველო ევროკავშირის მხრიდან „მუდმივი ჯანჯღარისა“ და „იწილობიწილოს“ ფონზეც კი, ეკონომიკური ზრდის ტემპით კონტინენტზე პირველი ქვეყანაა.
„საქართველოს, ჩვენს ამომრჩეველს საკმაოდ ამბიციური მიზნები შევთავაზეთ საარჩევნოდ, 2024 წლის არჩევნებზე, თუ სად გვინდა ვიყოთ 2028 წელს ამ მოწვევის ფარგლებში. თუმცა, ზოგადად, 2030 წელი – ეს არის მთავარი სამიზნე, სადაც გვინდა, როგორც ინსტიტუციურად წარმოვიდგინოთ, სად უნდა იყოს საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისით, სად უნდა იყოს კეთილდღეობის თვალსაზრისით და სად უნდა იყოს საქართველო წინ წაწეული იმ მხრივ, რომ ჩვენ ორი მთავარი ამოცანა შევასრულოთ – აღვადგინოთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და უზრუნველვყოთ თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის ამაღლება. ამ მხრივ, დღეს საქართველო არის ლიდერი ეკონომიკური განვითარების ტემპებით და ეს უნდა იცოდეს ყველამ. იმ ფონზე, რა დარტყმებსაც საქართველო იღებს, მათ შორის, ბრიუსელიდან დარტყმები, კანდიდატის სტატუსის მოცემა-არმოცემაზე, მოლაპარაკების გახსნა-არგახსნაზე იწილობიწილო, ვიზაზე იწილობიწილო… მოკლედ, ეს მუდმივი ჯანჯღარი თემებით, რომლებიც სინამდვილეში უნდა იყოს საზოგადოების ხელშემწყობი თემები, სამწუხაროდ, გამოიყენება იარაღად ქართველი ხალხის წინააღმდეგ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, დღეს საქართველო უსწრებს ყველას მთელ ევროპასა და აზიაში. კონტინენტზე ვართ ნომერ პირველი ქვეყანა ეკონომიკური ზრდის ტემპით ბოლო სამი წელია, ყველას ვუსწრებთ. მოლდოვაზე რომ გაიმეორეს, რომ მილიარდს აძლევენ, სად არის მათი ეკონომიკური ზრდა? ნულის გარშემო ტრიალებს ყველა კანდიდატი ქვეყნის, აღარაფერს ვსაუბრობ ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე, მაშინ როდესაც საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპები ათი პროცენტია, ცხრა პროცენტი, რვა პროცენტი და ამ ტემპში ვტრიალებთ. ამ მხრივ ლიდერი ვართ. რატომ ვართ ლიდერი? იმიტომ, რომ ორიენტირებულები ვართ ჩვენს ინტერესებზე, ხალხის ინტერესებზე და არა გარე შემოთვლებზე, რომ ხან ვიღაცას სანქცია დავუწესოთ, ხან ვიღაცას ვეჩხუბოთ, ხან ვიღაცას წარბი ავუწიოთ იმის მიხედვით, თუ რა დღის წესრიგი აქვთ სხვა ქვეყნებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.