შალვა პაპუაშვილი - იმ ევროპარლამენტარებისთვის, რომლებმაც რეზოლუციაში კეზერაშვილი მოიხსენიეს შევიწროებულ მედიამენეჯერად, „ბიბისის“ გამოძიება ნამდვილი სკანდალია
შალვა პაპუაშვილი - იმ ევროპარლამენტარებისთვის, რომლებმაც რეზოლუციაში კეზერაშვილი მოიხსენიეს შევიწროებულ მედიამენეჯერად, „ბიბისის“ გამოძიება ნამდვილი სკანდალია

იმ ევროპარლამენტარებისთვის, რომლებმაც რეზოლუციაში კეზერაშვილი მოიხსენიეს შევიწროებულ მედიამენეჯერად, „ბიბისის“ გამოძიება ნამდვილი სკანდალია, –  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

მისივე თქმით, კეზერაშვილი იყო იმ დანაშაულებრივი სისტემის ნაწილი, რომლის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები  გასამართლებული იყვნენ სისხლის სამართლის წესით. ამასთან, პაპუაშვილის თქმით, როდესაც ევროპარლამენტის რეზოლუციებში ასეთი ადამიანის სახელი და გვარი გვხვდება, ჩნდება კითხვის ნიშნები, რასთან გვაქვს საქმე.

„2022 წლის ივნისში ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, ჩვენთვის სტატუსის მონიჭების საკითხის გადაწყვეტამდე ცოტა ხნით ადრე. ამ რეზოლუციამ ასევე შეუქმნა ცუდი ფონი სტატუსის არმონიჭებას. ევროპარლამენტმა იქ ჩაწერა დავით კეზერაშვილის სახელი და გვარი, გამოხატეს სიმპატია მის მიმართ და მოიხსენიეს, როგორც დევნილი თუ გარკვეულწილად შევიწროებული ადამიანი. ვფიქრობ, ამ ევროპარლამენტარებისთვის, რომლებიც იყვნენ ამ რეზოლუციის ინიციატორები და მხარდამჭერები, „ბიბისის“ გამოძიება არის ნამდვილად სკანდალი. მათ საკუთარ რეზოლუციაში ჩაწერეს საერთაშორისო დამნაშავის სახელი და გვარი, თითქოს ის დევნილი მედიამენეჯერია. ეს ნამდვილად არის სკანდალი და სკანდალია არა მხოლოდ მათთვის, არამედ ევროპარლამენტის იმ წევრებისთვის, რომლებიც არიან ამ რეზოლუციის ინიციატორები.

ზოგადად ის ფაქტი, რომ დღემდე არ ხდება დავით კეზერაშვილის გადმოცემა საქართველოსთვის, რათა მოიხადოს სასჯელი ქართული მართლმსაჯულების წინაშე, და იცით, რომ საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა უარი თქვა გადმოცემაზე, მფარველობენ მას ევროკავშირის ქვეყნებში, თავისუფლად გადაადგილდება, თავისთავად ესეც სკანდალური ფაქტია. დამნაშავეს თავი აქვს შეფარებული ევროკავშირისთვის.

კეზერაშვილი იყო იმ დანაშაულებრივი სისტემის ნაწილი, ვგულისხმობ მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას, რომლის პოლიტიკური თანამდებობის დაახლოებით 15 პირი გასამართლდა დანაშაულებისთვის, სააკაშვილისა და კეზერაშვილის ჩათვლით. მათ შორის იყვნენ პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მინისტრები, მინისტრის მოადგილეები. 15 მარტო პოლიტიკური თანამდებობის პირი იყო და 200-ზე მეტი მაღალი თანამდებობის პირი, რომლებიც გასამართლებული იყვნენ სისხლის სამართლის წესით. ამ სისტემის წარმომადგენელზე გვაქვს საუბარი და როდესაც ასეთი ადამიანის სახელი და გვარი გვხვდება ევროპარლამენტის რეზოლუციებში, ჩნდება კითხვის ნიშნები, რასთან გვაქვს საქმე, რატომ არის ეს პოლიტიკური მფარველობა და ამ პოლიტიკური მფარველობის უკან რა პოლიტიკური თუ სხვა სახის ინტერესები დგას.

ევროკავშირის ის ქვეყნები და პოლიტიკოსები, რომლებიც მფარველობდნენ მიხეილ სააკაშვილს, ქართველი ხალხის წინაშე არიან ვალში. მათ დაუშვეს ის, რომ მფარველობდნენ დამნაშავეს და დააყენეს რისკის წინაშე ქართველი ხალხის უსაფრთხოება. ვფიქრობ, ეს ვალი გადასახდელი აქვთ. გადასახდელი აქვთ, მათ შორის იმით, რომ გადმოსცენ საქართველოს დავით კეზერაშვილი, ასევე ზურაბ ადეიშვილი, რომელიც თავს აფარებს უკრაინას და ესეც არის ცინიზმი. ეს ვალი დასაბრუნებელი აქვს ევროპას ქართველი ხალხისთვის და ვალის დაბრუნება შეიძლება იმით, რომ გადმოსცენ საქართველოს მართლმსაჯულებას ის დამნაშავეები, რომლებმაც აქ მოაწყეს გულაგები, ადამიანების ჩაგვრის, წამების სისტემა. მწამებლები როდესაც ევროკავშირში თავისუფლად გადაადგილდებიან, ეს თავად ევროკავშირის დისკრედიტაციაა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.