შალვა პაპუაშვილი იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე-მინისტრს შეხვდა 
შალვა პაპუაშვილი იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე-მინისტრს შეხვდა 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე-მინისტრს უუმი იოშიკავას შეხვდა.

შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა იაპონიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების შესახებ რეზოლუციის მხარდაჭერისთვის.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და იაპონიას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ეკონომიკის, ვაჭრობის, ხალხთაშორისი ურთიერთობების მიმართულებებით. შალვა პაპუაშვილმა საქართველოს სტრატეგიულ გეოგრაფიულ მდებარეობაზე და ამ კონტექსტში ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობებსა და ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე გაამახვილა ყურადღება.

ხაზი გაესვა აგრეთვე იმ ფაქტს, რომ წელს საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავი აღინიშნება.

შეხვედრა შალვა პაპუაშვილისა და მისი თანმხლები დელეგაციის იაპონიაში მიმდინარე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგა.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, მამუკა მდინარაძე, შოთა ხაბარელი და ირაკლი მეზურნიშვილი, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი შედიან.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.