შალვა პაპუაშვილი იაპონიის პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ჰიტოში კიკავადას შეხვდა
შალვა პაპუაშვილი იაპონიის პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ჰიტოში კიკავადას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იაპონიის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ჰიტოში კიკავადას შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს გლობალური ცვალებადი გეოპოლიტიკური გარემო და აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისადმი მტკიცე მხარდაჭერა აერთიანებს. ასევე, ისაუბრეს რუსეთის ომზე უკრაინაში და რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციაზე. შალვა პაპუაშვილმა მიმოიხილა საქართველოს შესაძლებლობები და პოტენციალი განახლებადი ენერგიის, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის, ევროპასა და აზიას შორის ტრანზიტის მიმართულებებით. მხარეებმა აგრეთვე ისაუბრეს საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე.

ჰიტოში კიკავადამ გამოხატა საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტთან კავშირების ინტენსიფიკაციის მზაობა.

„დღევანდელი შეხვედრის თემა უსაფრთხოება და ბიზნესი იყო. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დააფიქსირა წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის მნიშვნელობა. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს სურს, გააძლიეროს თავდაცვა კოლექტიურ უსაფრთხოებაში მონაწილეობით, რაც გულისხმობს ნატო-ში გაწევრიანებას“, – განაცხადა ჰიტოში კიკავადამ.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან დეპუტატები: მამუკა მდინარაძე, შოთა ხაბარელი და ირაკლი მეზურნიშვილი, ასევე პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ლევან მახაშვილი.