შალვა პაპუაშვილი – ჰერჩინსკი გვეუბნება, რომ დედის გინება, მონის წოდება და ფაშიზმი არის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა, ვის რაში სჭირდება მისი დამტვრეული ქართული, ასეთ რამეს თუ აკადრებს ქართველ ხალხს

14:21, 24.09.2026

ევროკავშირი ფულს უხდიდა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მაგინებელს და მისი დაფინანსებით იყო დაკავებული, საზოგადოება კითხვებზე პასუხს ელოდებოდა. ევროკავშირის ელჩს კითხვებით მედიაც მიმართავდა. პაველ ჰერჩინსკი დუმდა და პასუხის ღირსადაც არ ჩათვალა მილიონ 200 ათასი ადამიანი, რომლის მაგინებელს ფულს აძლევდა,  პასუხის ღირსად არ ჩათვალა ქართული მედია, თუმცა ქართველი ხალხის მაგინებელს პოსტით გამოეხმაურა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ესეც აჩვენებს, სად დგას ევროკავშირის წარმომადგენლობა თავისი ღირებულებებით, რომელიც მილიონ 200 ათას ადამიანს პასუხის ღირსად არ თვლის და „კორძის“ ინსტრაგრამ პოსტს იქვე გამოეხმაურა ლამის ბოდიშებით, რომ შეხვედრა გაუქმდა“.

„როგორც იქნა, ევროკავშირის ელჩმა გააცნობიერა, რომ ზიზღისა და ძალადობის მხარდაჭერა მიუღებელია საქართველოში; შეიძლება, მისთვის მისაღებია, მაგრამ ჩვენთვის მიუღებელია და საქართველოში ისე უნდა მოიქცეს, როგორც ქართულ კულტურას და ქართულ საზოგადოებას ეკადრება – ამის იმედი მქონდა, თუმცა ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ვერაფერს ვერ მიმხვდარა. ამდენი წელია, საქართველოშია და წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს საქართველო და ქართული საზოგადოება. ეს არის დაცინვა. პაველ ჰერჩინსკი გვეუბნება, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის დედის გინება ქართული კულტურული მემკვიდრეობაა. გვეუბნება, რომ მონის წოდება ან ფაშიზმი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობაა. პაველ ჰერჩინსკის თუ ქართველები ფაშისტები ვგონივართ და ქართველებისთვის საჯაროდ დედის გინება მოსულა, მაშინ ამ ადამიანს მართლა ვერაფერი გაუგია. თუ მისი სტანდარტია, რომ გამოხატვის სტანდარტია დედის გინება, ამას მხედველობაში მივიღებთ, რომ დედის გინება ევროპული სტანდარტი ყოფილა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სამარცხვინოა, რომ პაველ ჰერჩინსკისგან საქართველოში ძალადობის დაგმობა არავის მოუსმენია.

„4-5 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციას თავს დაესხნენ და ერთი სიტყვა არ დაცდენია. ამის ნაცვლად ესარჩლება ადამიანს, რომელიც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას დედას აგინებს. ეს მართლა სირცხვილია და არ ვიცი, ამაზე ქვემოთ დაშვება რომელმა ელჩმა შეიძლება იკადროს – კულტურული მემკვიდრეობა და გამოხატვის თავისუფლება უწოდოს საჯაროდ დედის გინებას. ახლა მაინც ხომ ხვდებით, ვინ არის საქართველოში წამქეზებელი სიძულვილის. ევროკავშირის საელჩოს განცხადება პირდაპირ წაქეზებაა სიძულვილის ენის, დედის გინების, მონის წოდების, ფაშიზმის, რადიკალიზმის. ამის წახალისებით არის დაკავებული ევროკავშირის საელჩო. მართლა სირცხვილია, რომ ვიწრო პოლიტიკური მიზანი აქვთ, როგორმე ხელისუფლებაში „ნაცები“ მოიყვანონ და მზად არიან, მთელ საზოგადოებაში ღვარძლი დათესონ, რადიკალიზმი შემოიტანონ. იმედგაცრუებული ვარ  პაველ ჰერჩინსკის ამ ქმედების გამო. ქართველ ხალხს ამ ქცევით აჩვენა, რომ თურმე ჩვენი კულტურაა დედის გინება, მონას ძახილი, ფაშიზმი. ამ ადამიანმა ის გაიგო საქართველოსგან, რომ დედის გინება და მონის ძახილია ჩვენი კულტურაა? – მერე გამოდის დიდის ამბით, დამტვრეული ქართულით რაღაცებს ლაპარაკობს. მისი დამტვრეული ქართული ვის რაში სჭირდება, თუ ასეთ რამეს აკადრებს ქართველ ხალხს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც ცნობილია, ფესტივალზე „კამარა“ მიწვეული იყო მუსიკოსი „კორძი“. მმართველ გუნდში აცხადებდნენ, რომ მუსიკოსმა თავის დროზე „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს, საქართველოს მოსახლეობას შეურაცხყოფა მიაყენა.

დღეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა განცხადება და სინანული გამოთქვა ფესტივალ „კამარას“ გადადების გამო.

„სინანულს გამოვთქვამთ იმის გამო, რომ „კრეატიული კომპასი საქართველოს“ პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ფესტივალი „კამარა“ ორგანიზატორებმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოსაზრებების გამო გადადეს. 30 წელია, ევროკავშირი მხარს უჭერს კულტურულ სფეროს საქართველოში. ეხმარება ქვეყანას უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაში, ხელს უწყობს შემოქმედებით ინდუსტრიებს, საქართველოს ხელოვანებსა და კულტურულ სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს მათ ევროპელ კოლეგებთან აკავშირებს. ევროკავშირს შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების მტკიცედ სჯერა“, – ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.

მსგავსი