შალვა პაპუაშვილი - გუშინ რაც ვიხილე, კარგი მაგალითია, როგორ ხდება სიყალბის გავრცელება საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით, პროპაგანდისტული მესიჯების ჩამოყალიბება შიდა თუ გარე წყაროებით
შალვა პაპუაშვილი - გუშინ რაც ვიხილე, კარგი მაგალითია, როგორ ხდება სიყალბის გავრცელება საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით, პროპაგანდისტული მესიჯების ჩამოყალიბება შიდა თუ გარე წყაროებით

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრემიერის ბრატისლავაში, უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლასთან დაკავშირებით დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობდა.

პაპუაშვილმა ამ განცხადებით ბიუროს დღევანდელ სხდომაზე  მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, თინა ბოკუჩავას, რომელმაც აღნიშნა, რომ პრემიერმა პასუხები უნდა გასცეს კითხვებს, რომლებიც მის განცხადებებს უკავშირდება, მათ შორის გუშინ, ბრატისლავაში უსაფრთხოების ფორუმზე გაკეთებულ განცხადებებს.

შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით ყალბი ინფორმაციების გავრცელება ხდება.

„ჩვენ გუშინ რაც ვიხილე, საერთო ჯამში, არის ყველაზე კარგი მაგალითი, როგორ ხდება სიყალბის გავრცელება საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით. პირდაპირ შეგიძლიათ, აიღოთ ქართველებისა და უცხოელების სია, იმ ადამიანების სია, რომლებმაც გუშინ დეზინფორმაციული კამპანია „აწიეს“ და გვერდზე მიუწეროთ, რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან საქართველოს წინსვლას ევროკავშირსა და ნატო-ში. ეს არის სასკოლო მაგალითი, როგორ ხდება პროპაგანდისტული მესიჯების ჩამოყალიბება, მისი გავრცელება შიდა თუ გარე წყაროებით, შიდა თუ გარე ლობისტებით, ფასიანი თუ უფასო დახმარებით საქართველოს დისკრედიტაციის საკითხში. ამასთან დაკავშირებით არ მგონია, რაიმე განსაკუთრებული კომენტარები იყოს საჭირო. 30 ივნისს პრემიერი წარდგება საქართველოს პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშის სახით და გექნებათ შესაძლებლობა, ამ საკითხებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოისმინოთ მისი პოზიცია. ქალბატონო თინა, დარწმუნებული ვარ, თქვენ ხშირად გიწევთ ევროპაში უვიზოდ ყოფნა. ეს უვიზო რეჟიმი „ქართული ოცნების“ პირობებში იქნა შეთანხმებული და პრემიერი ღარიბაშვილი არის ამის სათავეში. რაც შეეხება ადამიანების 73 თუ 75%-ს, კიდევ მეტს, ვინც მხარს უჭერს ნატო-ში გაწევრიანებას, ეს ის 75%-ია, რომელიც თქვენი ხელისუფლების დროს 65% იყო. „ქართული ოცნების“ პირობებში მოიმატა მხარდამჭერებმა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.