შალვა პაპუაშვილი - გორბაჩოვის თანამებრძოლ რასა იუკნევიჩიენესგან და ასტრახანში დაბადებულ-გაზრდილ სერგეი ლაგოდინსკისგან ევროპელობაზე ჭკუა არ გვესწავლება
მტრული გარემოს პირობებში, საქართველოს პარლამენტის ოფიციალური დელეგაცია არ მიიღებს მონაწილეობას ევრონესტის შემდეგ სესიებში იქამდე, ვიდრე არ ვიხილავთ დიალოგისთვის მზაობას, ამასთან დაკავშირებით მე განცხადებაც მქონდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეm, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, პოსტსაბჭოთა ადამიანები გველაპარაკებიან ევროპის სახელით და ჰგონიათ, რომ მათი მოსათვინიერებელია ქართველი ხალხი.
„ფაქტია, ვხედავთ, რომ პოსტსაბჭოთა ადამიანები გველაპარაკებიან ევროპის სახელით. გორბაჩოვის თანამებრძოლi რასა იუკნევიჩიენე და ასტრახანში დაბადებულ-გაზრდილ სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც ახლა გერმანელ დეპუტატად წარმოგვიდგენენ, გველაპარაკებიან ევროპის სახელით. რა არის ახლა ეს, თუ არა ის მომენტი, რომ ადამიანი, შეიძლება, გამოიყვანო საბჭოთა კავშირიდან, მაგრამ საბჭოთა კავშირი ვერ გამოიყვანო ადამიანიდან? ამის მაგალითები არიან ზუსტად ის ადამიანები, რომლებიც ზუსტად იმავე საბჭოთა სტილით უყურებენ საქართველოს და ჰგონიათ, რომ მათი მოსათვინიერებელია ქართველი ხალხი. ამიტომ ჩვენ გორბაჩოვის თანამებრძოლ რასა იუკნევიჩიენესა და ასტრახანში დაბადებულ-გაზრდილი სერგეი ლაგოდინსკისგან ევროპელობაზე ჭკუა არ გვესწავლება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველ ნოემბერს განაცხადა, რომ „ევროპარლამენტის ძალების მხრიდან მტრული მიდგომების გამო, საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია ევრონესტის შემდეგ სესიებში მონაწილეობას არ მიიღებს“. პაპუაშვილის თქმით, კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც ევრონესტი უგულებელყოფს საქართველოს მოსახლეობის ნებას და საკუთარი შეხედულებისამებრ აუქმებს მისი წევრი ქვეყნის არჩევნებს და დემოკრატიულ ინსტიტუტებს.
ცნობისთვის, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ გამოაქვეყნა რეზოლუცია, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა დემოკრატიის უკუსვლა აჩვენა.