შალვა პაპუაშვილი - გლობალური ინტერესებით მოქმედ ძალებთან ბრძოლა ისევე ძველია, როგორც ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ეპიკურ დაპირისპირებაში ჩვენი მიზანი ისევ სახელოვნად გამარჯვებაა, როგორც ბრძენი წინაპრები ახერხებდნენ
შალვა პაპუაშვილი - გლობალური ინტერესებით მოქმედ ძალებთან ბრძოლა ისევე ძველია, როგორც ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ეპიკურ დაპირისპირებაში ჩვენი მიზანი ისევ სახელოვნად გამარჯვებაა, როგორც ბრძენი წინაპრები ახერხებდნენ

„ქართული ოცნება“ სრულად აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობასა და ვალდებულებას ქვეყნის, სახელმწიფოს, მისი ისტორიის, აწმყოსა და მომავლის წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ისინი სრულად აცნობიერებენ, რომ სამიათასწლოვანი სახელმწიფოებრივი ტრადიციის მქონე ქვეყნის მართვა ხვდათ წილად, რაც უდიდესი პასუხისმგებლობაა.

„სწორედ ესაა ჩვენი მთავარი მახასიათებელი და ამით განვსხვავდებით ძალაუფლების წყურვილით აღსავსე, რევანშის სურვილით დაბრმავებული და მოკლე თვალთახედვის მქონე ოპონენტებისაგან.

ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რომ სამიათასწლოვანი სახელმწიფოებრივი ტრადიციის მქონე ქვეყნის მართვა გვხვდა წილად, რაც უდიდესი პასუხისმგებლობაა. ამ გადმოსახედიდან კი რამდენად სავალალოდ ჩანს ჩვენი უახლესი წარსული, ავანტიურისტი ხელისუფლების და მმართველების მიერ უცხო ინტერესების მსახურად და ასპარეზად ქცეული სამშობლო, რომელსაც უდიდესი სისხლის ფასად დღემდე მოტანილი მიწებით მოუწია შეცდომათა ზღვევა. ამ მძიმე წარსულისა და გამოცდილების ფონზე რამდენად დასაფასებელია „ქართული ოცნების“ მცდელობა, სიფრთხილე, რუდუნება, ბეწვის ხიდზე გაეტარებინა ქვეყანა, ქართველი ხალხი და მომავლის პერსპექტივას გაფრთხილებოდა.

სწორი მართვა, ცოდნა, სიბრძნე, გამოცდილება – ეს მხოლოდ საშუალებებია, მთავარი ამ პროცესში სამშობლოს უდიდესი და უპირობო სიყვარულია. ამას აკეთებს „ქართული ოცნება“ ხალხთან ერთად, რომელსაც ზუსტად ესმის და გრძნობს, თუ სადაა სინამდვილე. ეს ჩვენი სიღრმისეული, 3 000-წლოვანი სიბრძნის დამსახურებაა. იმ სიბრძნის, რომელმაც გლობალური ინტერესებით მოქმედი ძალების პირისპირ საუკუნეები გამოგვატარა და დღევანდელობამდე მოგვიყვანა. ასე რომ, გლობალური ინტერესებით მოქმედ ძალებთან ბრძოლა ისევე ძველია, როგორც ჩვენი სახელმწიფოებრიობა. ჩვენი მიზანი ამ ეპიკურ დაპირისპირებაში ისევე სახელოვნად გამარჯვებაა, როგორც ამას ჩვენი ბრძენი წინაპრები ახერხებდნენ.

უახლოესი მიზანი კი, ცხადია, ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვებაა. გლობალური „დიფ სტეიტი“, რომელსაც უდიდესი გავლენა აქვს სახელმწიფოებსა და კორპორაციებზე, საკუთარი ინტერესების გატარებას მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში გავლენათა კოორდინაციით ახერხებს. ქართული ოპოზიცია, სამწუხაროდ, ამ უცხო გლობალური ინტერესის ბრმა იარაღად იქცა და ნამდვილ, ქართულ, მშობლიურ გამოცდილებას დაუპირისპირდა.

ჩვენ ამ ბრძოლას კიდევ ერთხელ მოვიგებთ და საქართველოში ახალ ფურცელს გადავშლით“, – წერს პაპუაშვილი.