შალვა პაპუაშვილი - „გირჩი“ ცდილობს, ჯარისკაცებისთვის რაც სასარგებლოა, ისეთი კანონმდებლობა არ იყოს მიღებული, სხვა ოპოზიციონერი დეპუტატები, ხალისის გამო, მათზე არიან აყოლილი
შალვა პაპუაშვილი - „გირჩი“ ცდილობს, ჯარისკაცებისთვის რაც სასარგებლოა, ისეთი კანონმდებლობა არ იყოს მიღებული, სხვა ოპოზიციონერი დეპუტატები, ხალისის გამო, მათზე არიან აყოლილი

„გირჩს“ შეუთავსებლობა აქვს სავალდებულო სამხედრო სამსახურთან და ყველაფერთან, რაც დაკავშირებულია თავდაცვის ეროვნულ სისტემასთან, ვხედავთ, რომ დეპუტატები მათ ხალისის გამო არიან აყოლილები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, „რიგგარეშე სხდომის მოწვევის მიზანი „თავდაცვის კოდექსია“.

„ვაპირებთ, ჩვენი ჯარისკაცებისთვის მნიშვნელოვანი კანონპროექტი მივიღოთ. ვხედავთ, რომ „გირჩი“ ეწინააღმდეგება. ქართული ჯარის მიმართ მათი დამოკიდებულება ცნობილია და ცდილობენ, ჩვენი ჯარისკაცებისთვის რაც სასარგებლოა, ისეთი კანონმდებლობა არ იყოს მიღებული. როგორც ვატყობ, სხვა ოპიზიციურ ჯგუფებს რაიმე პრინციპული პოზიცია არ აქვთ, როგორც ჩანს, „გირჩთან“ ერთად ხალისობენ და პროცედურების გაწელვას ცდილობენ. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ არასერიოზულ დამოკიდებულებას ქართული ჯარის მიმართ. „თავდაცვის კოდექსი“ გავლილი და შეთანხმებულია ჩვენს პარტნიორებთან. პარტნიორებში ნატო-ს ვგულისხმობთ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, პროექტზე მუშაობა წლების განმავლობაში მიდიოდა და ცვლილებებმა ჯარისკაცებისთვის ახალი სოციალური პირობები უნდა შემოიღოს.

„ამას ეწინააღმდეგება „გირჩი“, რადგან მათ შეუთავსებლობა აქვთ ჯართან, სავალდებულო სამხედრო სამსახურთან და ყველაფერთან, რაც დაკავშირებულია თავდაცვის ეროვნულ სისტემასთან. ვხედავთ, რომ დეპუტატები ხალისის გამო არიან აყოლილი. ჩვენი ამოცანაა, უზრუნველვყოთ შინაარსობრივი განხილვა და, მეორე მხრივ, ჩემი, როგორც თავმჯდომარის პასუხისმგებლობაა, საკითხის ხელოვნური გაწელვის შესაძლებლობა არ ჰქონდეთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.