შალვა პაპუაშვილი - „გირჩმა“ ოთხი მანდატი მიიღო,  ეს პოლიტიკური წონა აქვთ მოსახლეობაში და იმედები არ უნდა ჰქონდეთ, რომ პარლამენტში მათი გადასაწყვეტი იქნება ყველაფერი
შალვა პაპუაშვილი - „გირჩმა“ ოთხი მანდატი მიიღო, ეს პოლიტიკური წონა აქვთ მოსახლეობაში და იმედები არ უნდა ჰქონდეთ, რომ პარლამენტში მათი გადასაწყვეტი იქნება ყველაფერი

რთულია, ოპონენტების ქცევა წინასწარ განვჭვრიტოთ. ხშირად მათი ქცევა არ ჯდება ლოგიკაში. გასაგებია, რომ ზოგიერთი ოპონენტის ქცევა მავნებლურია. ისეთი პარტიები, როგორიცაა „გირჩი“, აღიარებს საპარლამენტო არჩევნებს, მაგრამ ამის მიუხედავად, მათ ამ შენობაში ვერ ვხედავთ. ეს გასაკვირია და ახსნას არ ექვემდებარება, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „გირჩმა“ უნდა გააცნობიეროს, რომ თუ არჩევნების შედეგებს აღიარებს, მიღებული მანდატი უნდა გამოიყენოს.

გირჩმა“ არჩევნებზე 2,9 პროცენტი მიიღო, ოთხი მანდატი და 150 მანდატიდან ოთხ მანდატით იმედები არ უნდა ჰქონდეთ, რომ პარლამენტში მათი გადასაწყვეტი იქნება ყველაფერი. ეს პოლიტიკური წონა აქვთ მოსახლეობაში და სწორედ ამ პოლიტიკური წონიდან გამომდინარე უნდა იმოქმედონ. თუ ისინი ამომრჩევლის ნდობას გაამართლებენ და სხვების კეთილგანწყობას მოიპოვებენ, მომავალში 14 მანდატი ექნებათ. ეს არის პოლიტიკური ცხოვრება და დემოკრატია ამას გულისხმობს და არა იმას, რომ ოთხი ადამიანის მიერ 146 ადამიანის გადაწყვეტილების გადაწონას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.