შალვა პაპუაშვილი - გიორგი გახარიას მოძრაობა არათუ „ქართულ ოცნებას“, ბევრ ოპოზიციურ პარტიას ვერ გაუწევს კონკურენციას
შალვა პაპუაშვილი - გიორგი გახარიას მოძრაობა არათუ „ქართულ ოცნებას“, ბევრ ოპოზიციურ პარტიას ვერ გაუწევს კონკურენციას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას გუშინდელი ინტერვიუდან შინაარსობრივად რაიმე ღირებული საზოგადოებას არ მოუსმენია.

„ჩვენ გუშინ არც ახალი და არც რაიმე შინაარსობრივად ღირებული არ მოგვისმენია. გაუგებარი იყო მისი ქცევა. საბოლოო ჯამში, გუშინდელი მისი განმარტებებიდანაც აშკარა გახდა, რომ ის უბრალოდ პასუხისმგებლობას გაექცა იმ დღეს, როდესაც სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით. ეს იყო მისი გადადგომის მთელი არსი. გუშინდელმა ინტერვიუმ კიდევ ერთხელ გვანახა, რომ რაიმე დამატებითი შინაარსი მის ახალ მოძრაობას არ აქვს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მან ასევე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ გახარიას პარტია გაუწევს თუ არა კონკურენციას.

„ეს მოძრაობა არათუ „ქართულ ოცნებას“, ბევრ ოპოზიციურ პარტიას ვერ გაუწევს კონკურენციას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.