შალვა პაპუაშვილი - გიორგი გახარია ცდილობს, ისეთი პოზიცია დაიკავოს, თითქოს გაუმჯობესებული „ოცნებაა“
შალვა პაპუაშვილი - გიორგი გახარია ცდილობს, ისეთი პოზიცია დაიკავოს, თითქოს გაუმჯობესებული „ოცნებაა“

გიორგი გახარია ცდილობს, ისეთი პოზიცია დაიკავოს, თითქოს გაუმჯობესებული „ოცნებაა“, ან ბიძინა ივანიშვილის რაღაც პროექტი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა,შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„მისი მთელი ტაქტიკა აწყობილია ამაზე, რომ ამ სიტყვის პირდაპირი პოლიტიკური მნიშვნელობით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა ხმებზე იპარაზიტოს და თქვას – მე ვარ უკეთესი „ოცნება“ და ის, რა ალტერნატივასაც გთავაზობთ ბიძინა ივანიშვილი. ის ამ თამაშში იმდენად ღრმად შევიდა, რომ ბიძინა ივანიშვილს თავად მოუწია განცხადების გაკეთება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, არსებულ პოლიტიკურ ლანდშაფტში გიორგი გახარიას ასეთი პოზიციონირება კიდევ უფრო აძლიერებს გარკვეულ ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა იყო მისი გადადგომის მოტივაცია.

„ჩვენ ვნახეთ პარტიის პრეზენტაცია, ვნახეთ მისი ინტერვიუ მედიის წარმომადგენლებთან და დღეს აქვს ინტერვიუ ერთ-ერთ არხზე. თუ მის ამ სამივე საჯარო გამოჩენას დააკვირდებით, ნახავთ, რომ საერთო ჯამში, არაფრის მთქმელი საუბრები იყო – წყალი. არის რაღაც გარსი, შინაარსის გარეშე; ერთი მხრივ, საუბარი კრიტიკაზე, მაგრამ არა კრიტიკაზე და რაღაცნაირად, ამორფული პოლიტიკური პოზიცია, რომელიც საერთოდ გაუგებარს ხდის, ან წასვლა რა იყო, ან მოსვლა. ეს ყველაფერი კიდევ უფრო ამძაფრებს ეჭვებს, თუ რა არის ამ პოლიტიკური გუნდის მიზანი, რამე დამოუკიდებელი პოლიტიკური მიზანი აქვს, თუ ერთადერთი მიზანი არის „ქართული ოცნების“ ხმებზე პარაზიტობა და ამით იმის მცდელობა, რომ „ქართული ოცნების“ შედეგი 43%-ზე ქვემოთ ჩამოწიოს. საუბარი ზედმეტი კრიტიკის გარეშე, არავის წინააღმდეგ არ ვართ და ა.შ, მიმართულია იქითკენ, რომ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის დეზორიენტაცია მოახდინოს. რამდენად ექნება ამის შესაძლებლობა და შედეგი, მეორე საკითხია, მაგრამ მცდელობა აქეთ არის“, – განაცხადა პაპუაშვილმა. 

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, გაზარდა თუ არა „ქართულმა ოცნებამ“ გიორგი გახარიას პოლიტიკური ფასი მისი გამუდმებული კრიტიკით, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ამ კრიტიკას საფუძველი აქვს.

პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ გიორგი გახარიას გუნდს საზოგადოებისთვის არავითარი ახალი პლატფორმა არ შეუთავაზებია.

„არის მხოლოდ ბრტყელი სიტყვებით თუ სლოგანებით საუბარი – საქართველოსთვის, ვერთიანდებით და რაღაც ასეთი ტერმინები, რომელიც არაფრის მომცემი არ არის. მით უმეტეს, ვსაუბრობთ გუნდზე, რომელიც გაყოფით და გამიჯვნით წარმოიშვა. გარკკვეულწილად, ესეც პოლიტიკური ცინიზმია, რომ გაყოფისგან წარმოშობილ გუნდს ჰქვია ის, რომ ერთიანდება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, გიორგი გახარია აქამდე შინაარსის კარგი წარმომდგენი იყო, რის გამოც დაიმსახურა მხარდაჭერაც და საარჩევნო სიაში ყოფნაც, ხოლო დღეს ის არის კარგი წარმომდგენი შინაარსის გარეშე.

„ანუ, ის გარსი, ანტურაჟი და იმიჯი, რომელიც მას აქვს შექმნილი, მაგრამ შინაარსი აღარ არის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეკითხვაზე, რა საფუძველი აქვს ირაკლი კობახიძის მიერ გიორგი გახარიას მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძემ პოლიტიკური შეფასება გააკეთა, ხოლო სამართლებრივ ნაწილს გამოძიება სჭირდება.