შალვა პაპუაშვილი - გიგი უგულავა „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებს პირდაპირ მოუწოდებს, ხმა მისცენ გიორგი გახარიასაც
შალვა პაპუაშვილი - გიგი უგულავა „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებს პირდაპირ მოუწოდებს, ხმა მისცენ გიორგი გახარიასაც

გიგი უგულავა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს პირდაპირ მოუწოდებს, ხმა მისცენ მათ შორის გიორგი გახარიას. ეს ადასტურებს, რომ გიორგი გახარიას და „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგი ერთმანეთს ემთხვევა, – ამის შესახებ განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სამარცხვინოა, როდესაც „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი იმ კამპანიის ნაწილია, რომლის მიზანი „ქართული ოცნების“ დაზიანებაა.

„ზოგიერთმა შეიძლება გიგი უგულავას მოწოდება განმარტოს როგორც დამთხვევა, მაგრამ მგონი, ბევრი დამთხვევაა უკვე იმისთვის, რომ ვიპოვოთ კანონზომიერება. გიგი უგულავა, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ფლანგის პოლიტიკოსი პირდაპირ მოუწოდებს სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს, რომ ხმა მისცენ მათ შორის გიორგი გახარიას. ეს პირდაპირ ადასტურებს ერთ რამეს – გიორგი გახარიას ცალკე რაიმე პოლიტიკური დღის წესრიგი არ აქვს, მისი დღის წესრიგი პირდაპირ ემთხვევა „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგს, რომ რაიმენაირად დააზიანოს „ქართული ოცნება“ და დაუახლოვონ მისი მხარდაჭერა 43 პროცენტს. აშკარა და ცალსახაა, რომ გიორგი გახარიას გუნდს არ აქვს ცალკე პოლიტიკა და დღის წესრიგი, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგის ნაწილი „ქართული ოცნების“ დაზიანებისთვის. სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი არის იმ კამპანიის ნაწილი, რომლის ერთადერთი მიზანია „ქართული ოცნების“ დაზიანება, რაც სამარცხვინოა“, – აცხადებს პაპუაშვილი.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში ამომრჩევლებს მოუწოდებს, არჩევნებზე შემოხაზონ ნებისმიერი ნომერი, გარდა 41-ისა, თუნდაც გიორგი გახარიას საარჩევნო ნომერი.