შალვა პაპუაშვილი - გია ლორთქიფანიძე მეორედაა მხილებული შეთქმულებების ორგანიზებაში, ეს ადამიანი, ეროვნებით ქართველი, სულით და გულით არაქართველი, საქართველოში ვითარების არევას ცდილობს
შალვა პაპუაშვილი - გია ლორთქიფანიძე მეორედაა მხილებული შეთქმულებების ორგანიზებაში, ეს ადამიანი, ეროვნებით ქართველი, სულით და გულით არაქართველი, საქართველოში ვითარების არევას ცდილობს

გია ლორთქიფანიძე მეორედაა მხილებული საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებების ორგანიზებაში, ეს ადამიანი, ეროვნებით ქართველი, სულით და გულით არაქართველი, საქართველოში ვითარების არევას ცდილობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია შესაბამის მტკიცებულებებს ეფუძნება.

„ამ ყველაფერს საზოგადოებაც ამჩნევდა, ხედავდა, რისკენ მიჰყავს ხოლმე რადიკალურ ოპოზიციას საზოგადოება. არ არის პირველი მცდელობა, რომ დესტრუქციით და არჩევნების გვერდის ავლით მოვიდნენ ხელისუფლებაში. მნიშვნელოვანია, რომ სუს-მა საზოგადოება ამის შესახებ გააფრთხილა და წინასწარ მიაწოდა ინფორმაცია. მეორე მხრივ, ჩვენ გამოძიების დონეზე კიდევ ერთხელ ვნახეთ, რომ გია ლორთქიფანიძე უკვე მეორედ იქნა მხილებული საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებების ორგანიზებაში. ეს ადამიანი, ეროვნებით ქართველი, თავისი სულით და გულით არაქართველი, ცდილობს, საქართველოში არიოს სიტუაცია. დადასტურებით ვიცით, მათ შორის სატელეფონო საუბრებიც გასაჯაროვდა მაშინ, რომ გია ლორთქიფანიძე იყო ორგანიზატორი საქართველოში მიხეილ სააკაშვილის შემოპარებისა, რომლის ერთადერთი მიზანი იყო საქართველოში არევა, მათ შორის სიტუაციის სისხლისღვრამდე მიყვანა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა ჯგუფი საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციას, სამოქალაქო არეულობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა“. საქართველოში დესტაბილიზაციის გეგმის ორგანიზატორებად სუს-ი გიორგი ლორთქიფანიძეს, მიხეილ ბატურინსა და მამუკა მამულაშვილს ასახელებს.