შალვა პაპუაშვილი – ღმერთმა შეარგოს ევროკავშირის ელჩს ცეკვა და მოლხენა, მადლობას არ ვითხოვთ, უბრალოდ გვინდა, გაიაზროს, მისთვის რომ დაგვეჯერებინა, დღეს საქართველოში საცეკვაოდ საქმე არავის ექნებოდა

13:10, 12.10.2026

ჩვენ ვიხილეთ მოცეკვავე ევროკავშირის ელჩი. ძალიან კარგია, რომ ევროკავშირის ელჩს აქვს შესაძლებლობა, იცეკვოს საქართველოში და კარგია, რომ ჩვენს საზოგადოებას აქვს იმისი განწყობაც და შესაძლებლობაც, რომ  იმხიარულოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს ჟურნალისტებმა „ევროპის დღე 2026“-ზე ჰკითხეს, რომელიც კახეთში აღინიშნა.

„იმედია, ევროკავშირის ელჩიც გააცნობიერებდა და გაიაზრებდა მეორე დღეს მაინც, ჩვენ მისთვის და მისი ხელმძღვანელობისთვის რომ დაგვეჯერებინა, დღეს საცეკვაოდ საქმე არავის ექნებოდა. საქართველო დღეს იქნებოდა ეკონომიკურად დანგრეული ქვეყანა. საქართველო დღეს იქნებოდა ომისგან დანგრეული ქვეყანა, რომ დაგვეჯერებინა პირადად ჰერჩინსკისთვის და მისი ხელმძღვანელობისთვის. მისგან მადლობას არ ველოდებით, არ გვინდა, მაგრამ იმედია, იმას იაზრებს, რომ მას ცეკვის და მხიარულების შესაძლებლობა რომ ჰქონდა, იმის დამსახურებაა, რომ საქართველოს მთავრობამ მას და მის უფროსებს არ დაუჯერა და იმოქმედა ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. ასე რომ, ღმერთმა შეარგოს ცეკვა და მოლხენა. მადლობას არ ვითხოვთ, უბრალოდ გვინდა, გაიაზროს, რომ მისთვის რომ დაგვეჯერებინა, დღეს საცეკვაოდ საქმე საქართველოში არავის ექნებოდა, და ალბათ ევროკავშირის ელჩიც არ იქნებოდა საქართველოში. ევაკუირებული იქნებოდა, ისევე როგორც კიევიდან გაიყვანეს ყველა საელჩო, მიატოვეს კიევი ელჩებმა. ერთადერთი საქართველოს ელჩი დარჩა ბოლომდე, რომელიც შემდეგ ზელენსკიმ გამოაძევა თავისი ქვეყნიდან“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ევროკავშირის ელჩმა ევროპის დღეები ევროპული სიძულვილის დღეებად აქცია.

„ჩვეულებრივი პოლიტიკური აქციაა ის, რასაც ვხედავ ე.წ. ევროპის დღეების სერიებით, რომელიც ბოლო ორი-სამი წელია, მიმდინარეობს. ვხედავთ, რომ ევროკავშირის საელჩო საქართველოს ხელისუფლების ჩართულობის გარეშე აორგანიზებს ამ დღეებს. არც კი იწვევს ხელისუფლებას, თითქოს იმყოფებოდნენ ხელისუფლების არმქონე ტერიტორიაზე. რეალურად, ეს იქცა ევროპული სიძულვილის დღეებად. პირველ შემთხვევაში, გახსოვთ, ევროპის დღეებზე ჟურნალისტებზე თავდასხმა ვნახეთ 2024 წლის მაისში, შემდეგ ვიხილეთ, რომ ქართველი ხალხის მაგინებელი კორძაია ჰყავდათ მიწვეული გამომსვლელად. ახლაც ვიხილეთ, რომ ქართველი ხალხის მაგინებელი, მიხეილ სააკაშვილის მრევლი ჰყავდათ მიწვეული მუსიკალურ წარმომადგენლად. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ რეალურად იქამდე დაიყვანა ევროკავშირის საელჩომ ეს ყველაფერი, რომ ევროპის დღეები აქციეს ევროპული სიძულვილის დღეებად, რომელიც ყოველ ჯერზე არის სიძულვილის გამოხატვის. ასევე, ევროკავშირის ელჩის გამოსვლებიც არის პოლიტიკური აქცია, რომელიც მიმართულია ხელისუფლების წინააღმდეგ და ამის მიზანი არის საზოგადოებრივი განწყობა ხელისუფლების წინააღმდეგ. ამას ბონუსად ემატება სიძულვილი, რომელსაც ამ ღონისძიებებით თესავენ. ასე რომ, „ვულოცავ“ ევროკავშირის ელჩს, რომ ევროპის დღეები მან აქცია ევროპული სიძულვილის დღეებად. არ ვიცი, აპირებს თუ არა ევროპული სიძულვილის დღეების გაგრძელებას, მაგრამ ისე ჯიუტად იქცევა, დარწმუნებული ვარ, რაღაც ასეთებს მოიფიქრებს. უტიფრად ცდილობს, საქართველოს მოსახლეობას ცხვირწინ უტრიალოს ის ხალხი, ვინც მათ აგინებს და ვინც სიძულვილს თესავს. სამწუხაროდ, ეს აჩვენებს იმას, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ აქტორთან და აღარ გვაქვს საქმე დიპლომატიურ მისიასთან. ეს არის სწორედ ვენის კონვენციის დარღვევა, რაც ჰეჩინსკიმ არაერთხელ ჩაიდინა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი