შალვა პაპუაშვილი - გავა დრო და საქართველოს მოქალაქეები გაიგებენ, რომ მოლაპარაკების პროცესში ყველაზე კონსტრუქციული იყო „ქართული ოცნება“
შალვა პაპუაშვილი - გავა დრო და საქართველოს მოქალაქეები გაიგებენ, რომ მოლაპარაკების პროცესში ყველაზე კონსტრუქციული იყო „ქართული ოცნება“

გავა დრო და საქართველოს მოქალაქეები გაიგებენ, რომ მოლაპარაკების პროცესში ყველაზე კონსტრუქციული იყო „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ ვერ გაიაზრა მედიაციის არსი.

„მთავარი მიზეზი, რის გამოც ეს შეთანხმება არ შედგა, ჩვენმა ოპონენტებმა თავად განაცხადეს გუშინ ბრიფინგის დროს, რომ კომპრომისი მათი მხრიდან აღქმული იყო, რომ ისინი მონაწილეობას იღებდნენ ამ მოლაპარაკებაში. გავა დრო, შეთანხმებით თუ შეთანხმების გარეშე, საქართველოს მოქალაქეები გაიგებენ, რომ ამ პროცესში ყველაზე კონსტრუქციული იყო „ქართული ოცნება“. მოლაპარაკების დროს არ არსებობს მხარე, რომელსაც ეკუთვნის პირველი სიტყვა და მეორე სიტყვა, მხარეები უნდა შეთანხმდნენ, გადამწყვეტი სიტყვა არავის ეკუთვნის.

ჩვენ ეს დღეები გვესმოდა, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მიიწევს პროცესი, რომ პოზიციები ახლოვდება, რაღაც საკითხებზე იყო საუბარი, სადაც თავადაც ადასტურებდნენ, რომ პოზიციების დაახლოება მიდიოდა და გუშინ უცებ გავიგეთ, რომ მათი მთელი კომპრომისი იყო ის, რომ უბრალოდ ამ მოლაპარაკებაში მონაწილეობდნენ. ეს არის არსის არ გაგება, თუ რას ნიშნავს მედიაცია და მოლაპარაკება“, – განაცხადა პაპუაშვილმა

როგორც მან აღნიშნა, მოლაპარაკებები ჯერაც არ არის ჩაშლილი და „ქართული ოცნების“ შეთავაზება კიდევ ძალაშია.

„პროცესი ჩაშლილი არ არის, დასრულებული არ არის, ჩვენი შეთავაზება ჯერ კიდევ დევს მაგიდაზე და იმედი მაქვს, რომ ჩვენი ოპონენტები, ან მათი ნაწილი გააცნობიერებს, თუ რამდენად კონსტრუქციული ვიყავით ჩვენ ამ მოლაპარაკებაში, რამდენად მნიშვნელოვანი შეთავაზებები გვაქვს და ამ შეთავაზებაზე წამოვლენ.

რაც შეეხება გაჯიუტებას, თუკი ვინმე არის გაჯიუტებული ამ პროცესში, პირველი ეს არის ნიკა მელია და ის ორგანიზაცია, რომელიც მას გვერდით უდგას. გაჯიუტება მდგომარეობს იმაში, რომ დღეს არ არსებობს კითხვის ნიშანი სამართლებრივ პროცესთან დაკავშირებით. მათთვის თუ მნიშვნელოვანია ნიკა მელიას გარეთ ყოფნა, საჭიროა მხოლოდ გირაოს გადახდა, მაგრამ უჯიუტდებიან საკუთარ ქვეყანას და სასამართლო სისტემას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.