შალვა პაპუაშვილი – გარკვეული ტრენდია, რომ აბსურდზე სერიოზული სახით უნდა გამსჯელონ, თაღლითობა კამიტის სახით დიდი ხანია, გამსკდარია და ნებისმიერი მცდელობა, ეს თემა კვლავ შემოაბრუნონ, განწირულია კრახისთვის
გარკვეული თანამედროვე ტრენდია, რომ აბსურდზე, ტყუილზე სერიოზული სახით უნდა გამსჯელონ, საზოგადოების პასუხი უნდა იყოს მარტივი, თაღლითობა კამიტის სახით, რომლის თავსმოხვევასაც შეეცადნენ, დიდი ხანია, უკვე გამსკდარია და ამიტომ ნებისმიერი მცდელობა, რომ ეს თემა კვლავ რაღაცნაირად შემოაბრუნონ, განწირულია კრახისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს ეუთო-ს ადამიანური განზომილების კონფერენციაზე 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე ქიმიური ნივთიერებების შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით წარდგენილ კვლევაზე, რომლის ავტორებიც არიან გიორგი კამკამიძე, ბაია პატარაია, ჯეიმს ლინი, ჯოსინა ბოთე და ლელა ცისკარიშვილი.
მისი თქმით, გარედან ფარულად დაფინანსებული „ენჯეოების“ ხელით ხდება საინფორმაციო საბაბის შექმნა, თითქოს რაღაც კვლევაა ამა თუ იმ საკითხზე.
„რა თქმა უნდა, ამ „ენჯეოებთან“ დაკავშირებით კვლავ კითხვები ჩნდება. საია და ბაია პატარაია ვნახეთ, რა თანხებით დადიან, ვინ აფინანსებთ. გამჭვირვალობის რეესტრში მათი ორგანიზაციები და გამჭვირვალობა არ გვინახავს. ეს ნიშნავს, რომ ეს შავი ფულია, რომლითაც ისინი ფინანსდებიან, თუ ისინი ამას საზოგადოებას და სახელმწიფოს არ უმხელენ. მგონი, ესეც დასტურია იმის, რომ საქართველოში სხვადასხვა, მათ შორის ევროპული სტრუქტურებიდან და ორგანიზაციებიდან შავი ფულით დაფინანსება ხდება. რაც შეეხება ე.წ. კვლევებს, სასაცილოა უკვე. გუშინ ერთი ადამიანი აჩვენეს, რომელიღაც ექსპერტი ჰყავდათ წარმოდგენილი. რაღაც გაურკვეველი ადამიანი, რომლის მთავარი კომენტარი იყო იმაში, რომ მძიმე შედეგები აქვთ აქციის ყოფილ მონაწილეებსო, თუმცა არ არსებობსო არანაირი მიზეზშედეგობრივი კავშირის დადგენის შესაძლებლობაო. თავადვე ერთწუთიან კომენტარში თქვა, რომ მაკულატურა იყო ის, რისი პრეზენტაციაც, წარმოდგენაც სცადეს, როგორც რაღაც დამადასტურებელი დოკუმენტის. ეს ანტიქართული კამპანიაა, რომელიც დაფინანსებული და დაკვეთილია სრულად უცხოეთიდან. კიდევ ერთხელ მედიას მოვუწოდებ, მიაკვლიეთ, ვინ დააფინანსა ეს კონკრეტული ანტიქართული აქცია, საია-ს და ბაია პატარაიას ვინ მისცა ფული. როგორც კი ნახავთ ფულის წყაროს, ნახავთ, თუ ვინ მტრობს საქართველოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.