შალვა პაპუაშვილი - განსხვავებით გაზაფხულზე გამართული დისკუსიისგან, მგონი, ახლა ყველა თანხმდება, რომ უფლებამოსილების შეწყვეტას აქვს სამართლებრივი და პოლიტიკური განზომილება
პარლამენტის თავჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღვანდელ ბიუროს სხდომაზე რამდენიმე დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე ისაუბრა.
როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, საკითხი მოიცავს, როგორც სამართლებრივ, ასევე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას.
„რაც შეეხება უფლებამოსილების შეწყვეტას, ვფიქრობ, ამ თემაზე ფართო დისკუსია გაიმართა და განსხვავებით გაზაფხულზე გამართული დისკუსიისგან, ახლა უკვე ყველა თანხმდება, რომ უფლებამოსილების შეწყვეტას აქვს ორი განზომილება. ერთი ეს არის სამართლებრივი საფუძველი, არსებობს თუ არა სამართლებრივი საფუძველი უფლებამოსილების შეწყვეტისა და მეორე, იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტი. რამდენადაც მახსოვს, როდესაც პირველად დადგა შარშან გაზაფხულზე უფლებამოსილების შეწყვეტა-არშეწყვეტის საკითხი, მაშინ პირიქით იყო მსჯელობა, რომ თუკი სამართლებრივი საფუძველი მოცემულია, პარლამენტი ვერ მიიღებდა სხვა რაიმე გადაწყვეტილებას თუ არა უფლებამოსილების შეწყვეტა. საკონსტიტუციო საჩივრებიც კი იყო ამასთან დაკავშირებით შეტანილი. ახლა, როგორც ჩანს, ვთანხმდებით ყველა, რომ გვაქვს სწორედ ეს ორი განზომილება, სამართლებრივი და პოლიტიკური. სამართლებრივთან დაკავშირებით საპროცედურო კომიტეტმა იმსჯელა, საკუთარი დასკვნა წარმოადგინა.
ირაკლი კობახიძემ ახსნა კიდევაც ეს საკითხი და მე სრულად ვიზიარებ ამ ახსნას, ვინაიდან საქმე ეხება იმას, რომ როდესაც არ ხდება სისტემის აღიარება და სახელმწიფოს აღიარება, როცა საქმე ეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას, ეს თავისთავად ქმნის პრობლემას. სწორედ ეს არგუმენტაცია ჰქონდა წარმოდგენილი ბატონ ირაკლის. ორი განზომილება აქვს ამ გადაწყვეტილებას, სამართლებრივი და პოლიტიკური, ამაზე ყველა ვთანხმდებით. სამართლებრივ ნაწილზე ნათქვამია უკვე საპროცედურო კომიტეტის გადაწყვეტილებაში, დასკვნაში და პოლიტიკური გადაწყვეტილებაში უკვე ბევრი მიზეზი შეიძლება არსებობდეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტმა ბადრი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება 15 თებერვალს შეუწყვიტა.