შალვა პაპუაშვილი - განსაკუთრებულ ღიაობას, რომელიც ესპანეთში ვიგრძენით, საქართველოსთვის ექნება გადამწყვეტი როლი ევროატლანტიკურ გზაზე პროგრესისთვის
შალვა პაპუაშვილი - განსაკუთრებულ ღიაობას, რომელიც ესპანეთში ვიგრძენით, საქართველოსთვის ექნება გადამწყვეტი როლი ევროატლანტიკურ გზაზე პროგრესისთვის

განსაკუთრებულ ღიაობას, რომელიც ვიგრძენით ესპანეთში, საქართველოსთვის ექნება გადამწყვეტი როლი ევროატლანტიკურ გზაზე პროგრესისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ვიზიტით ესპანეთის სამეფოში იმყოფება.

მისი თქმით, ესპანეთის მხრიდან არის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური გზის აბსოლუტური მხარდაჭერა.

„არის აბსოლუტური მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური გზის და ამ მხრივ სურვილი, რომ დაუდგნენ საქართველოს გვერდში და დაეხმარონ ამ გზაზე პროგრესის მისაღწევად. ამიტომ, ეს განსაკუთრებული ღიაობა, რომელიც ჩვენ ვიგრძენით ესპანეთში, არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის და ვფიქრობ, ექნება გადამწყვეტი როლი საქართველოს პროგრესისთვის“,- თქვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ესპანეთს, რომელიც 2023 წლის მეორე ნახევარში შვედეთისგან ევროკავშირის თავმჯდომარეობას გადაიბარებს, ჰქონდეს ინფორმაცია საქართველოს წინსვლასთან დაკავშირებით.

„ესპანეთი 2023 წლის მეორე ნახევარში შვედეთისგან გადაიბარებს ევროკავშირის თავმჯდომარეობას, ამიტომ, რა თქმა უნდა, მათ ექნებათ გადამწყვეტი როლი საქართველოს წინსვლაში ევროინტეგრაციის გზაზე და სწორედ ამ საკითხებზე გვქონდა საუბარი კოლეგების ნაწილთან. ვიზიტის განმავლობაში სწორედ ეს იქნება ჩვენი მთავარი სათქმელი, რომ ჩვენ გვინდა, მჭიდრო კომუნიკაცია და ურთიერთობა გვქონდეს ესპანეთის პარლამენტის ორივე პალატის წარმომადგენლებთან. მე დღეს სენატის პრეზიდენტთან შეხვედრაზე სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საქართველოში მოვიწვიე.

ჩვენი პრიორიტეტი არის ეს მჭიდრო ურთიერთობა, რათა მათ ჰქონდეთ აქტუალური ინფორმაცია საქართველოს წინსვლასთან დაკავშირებით, ვინაიდან ესპანეთი როგორც კი ჩაიბარებს ევროკავშირის თავმჯდომარეობას, ექნება გადამწყვეტი სიტყვა და გავლენის შესაძლებლობა საქართველოს მიმართ დადებით გადაწყვეტილებაზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.