შალვა პაპუაშვილი - განათლება არის სფერო, რომელზეც უნდა იდგეს თანამედროვე საზოგადოება
შალვა პაპუაშვილი - განათლება არის სფერო, რომელზეც უნდა იდგეს თანამედროვე საზოგადოება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გამორჩეულად გულშემატკივრობს განათლებისა და მეცნიერების სფეროს და იმედი გვაქვს, ამ მოწვევის პარლამენტში მნიშვნელოვანი ძვრები იქნება ამ მიმართულებით, – ამის შესახებ განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს პირველ სამუშაო შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შეხვედრა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, განათლება არის სფერო, რომელზეც უნდა იდგეს თანამედროვე საზოგადოება.

„საზოგადოების პროგრესი ყველა მიმართულებით, საბოლოო ჯამში, დგას განათლებაზე. ამის გააზრება ყველა პოლიტიკურ ჯგუფს გვაერთიანებს, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებებისა“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, უნივერსიტეტი გამორჩეულია მრავალი თვალსაზრისით, მათ შორის იმით, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, 30 წლის განმავლობაში, პირველი სახელმწიფო უნივერსიტეტია, რომელიც დაარსდა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს პირველ სამუშაო შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ესწრება. საბჭოს წევრების გარდა, მასში მონაწილეობენ საქართველოში არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები.