შალვა პაპუაშვილი – გამოჩნდა, რომ ქართველმა ხალხმა შეაფასა ოპოზიციის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა, რომელსაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში აწარმოებს

18:55, 11.05.2023

კვლევიდან ჩანს, რომ ქართველმა ხალხმა დაინახა, შეაფასა ოპოზიციის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა, რომელსაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში აწარმოებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით „გორბის“ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების შეფასებისას განაცხადა.

პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ ოპოზიცია აქედან დასკვნას გამოიტანს.

„კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა შედეგები, რაც შუალედურ არჩევნებზე იყო, როცა ვნახეთ, რომ უფრო მეტი ამომრჩეველი მივიდა „ქართული ოცნებისთვის“ მხარის დასაჭერად. ოპოზიციამ ვერც კი გაბედა, კანდიდატი დაეყენებინა. ოპოზიციის დიდი ნაწილის რეიტინგი არის ცდომილების ფარგლებში და ჩანს, რომ ქართველმა ხალხმა დაინახა, შეაფასა ოპოზიციის პოლიტიკა, რომელსაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში აწარმოებს. ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა. იმედია, ოპოზიცია ამ ყველაფრიდან დასკვნას გამოიტანს. მიხვდებიან, რომ სხვა ქვეყნების დღის წესრიგზე აწყობის ნაცვლად, დაელაპარაკონ საკუთარ ხალხს და იმოქმედონ პრიორიტეტებით, რაც ქართველ ხალხს აქვს. ქართველი ხალხის პრიორიტეტია ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რომელსაც თავისი მოწოდებებით პირდაპირ ეწინააღმდეგება ოპოზიცია, ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის უზრუნველყოფა, რომელსაც ასევე ეწინააღმდეგება ოპოზიცია, ხან სანქციების დაწესებისკენ  მოგვიწოდებს და ხან რისკენ. ოპოზიცია ამ პრიორიტეტებს სერიოზულად თუ მიუდგება, შესაძლოა,  მხარდაჭერის რაიმე იმედი ჰქონდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვხედავთ, რაც არის ხალხის პასუხი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი