შალვა პაპუაშვილი - ყველას განცხადებებს ვისმენთ, პატივს ვცემთ, გამჭვირვალობის კანონის მიღება არის ქართველი ხალხის ინტერესში, ამიტომ, ნუ გადაუგრეხენ ხელს ქართველ ხალხს, დადგნენ საქართველოს მხარეს
შალვა პაპუაშვილი - ყველას განცხადებებს ვისმენთ, პატივს ვცემთ, გამჭვირვალობის კანონის მიღება არის ქართველი ხალხის ინტერესში, ამიტომ, ნუ გადაუგრეხენ ხელს ქართველ ხალხს, დადგნენ საქართველოს მხარეს

ქართველი ხალხის ინტერესშია გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება, ამიტომ, ნუ გადაუგრეხენ ხელს ქართველ ხალხს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოხმაურებაზე დაუსვეს შეკითხვა.

„ჩვენ ყველას განცხადებებს ვისმენთ, ყველას განცხადებებს პატივს ვცემთ, თუმცა ერთადერთი, ვისი განცხადებაც ჩვენთვის არის უმაღლესი და ავტორიტეტი, ეს არის ქართველი ხალხი. ქართველი ხალხის ინტერესშია ზუსტად ეს კანონი. მესმის, რომ შესაძლოა, არსებობდნენ ჯგუფები, რომლებსაც ეს კანონი არ მოსწონთ, მათ შორის, საზოგადოებაში არსებობდნენ ჯგუფები, მათ შორის აქციაზე იყვნენ მოქალაქეები, რომლებსაც არ მოსწონთ, მაგრამ საქართველო უფრო დიდია, ვიდრე რამდენიმე ჯგუფი. ამიტომ, პატივი ვცეთ მთლიანად საქართველოს, ყველას, დიდ-პატარას, რეგიონშიც და ცენტრშიც. საქართველო არის ერთი დიდი მთლიანი ქვეყანა, ყველას აქვს სიტყვის უფლება, მისი წარმომადგენლებით მიიღონ გადაწყვეტილება. დღეს საქართველოს პარლამენტში რა მოცემულობაც გვაქვს უმრავლესობის, ეს მოცემულობა აირჩია ქართველმა ხალხმა და ქართველი ხალხის ინტერესშია ამ კანონის მიღება. ამიტომ, ნუ გადაუგრეხენ ხელს ქართველ ხალხს. დადგნენ საქართველოს მხარეს ის ხალხი, რომელიც მსჯელობს, ფიქრობს, აკვირდება ამ პროცესებს და იზრუნონ ქართველი ხალხის ინტერესზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.