შალვა პაპუაშვილი - „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი რომ მიგვეღო, გვეცოდინებოდა, ვინ აფინანსებს პროექტს, რომლის უკანაც „დროა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლება“, ორი ექსტრემისტული პარტია დგას
შალვა პაპუაშვილი - „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი რომ მიგვეღო, გვეცოდინებოდა, ვინ აფინანსებს პროექტს, რომლის უკანაც „დროა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლება“, ორი ექსტრემისტული პარტია დგას

გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით თავის დროზე დეზინფორმაციული კამპანია რომ არ ყოფილიყო, ქართველი ხალხის ნება აღსრულებულიყო და „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მიგვეღო, დღეს გვეცოდინებოდა, ვინ აფინანსებს ამ პროექტს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც „გირჩი – მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ ერთობლივი პლატფორმის, „მონა.ჯის“ შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, ითქვას, ვინ აფინანსებს ამ პროექტს.

„არავინ იცის, ვინ, აფინანსებს ამ პროექტს და საინტერესოა, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ, რომ „დროა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლება“, ორი ექსტრემისტული პარტია დგას ამის უკან. გარდა ამისა, მათივე აღიარებით ვიცით, რომ „დროას“ აქვს ფეიკ ენჯეო „დროა“. ამიტომ არის ეჭვი, რომ ეს პროექტი განხორციელებულია სწორედ ამ „ენჯეოს“ ფარგლებში. ვიცით, რომ აღნიშნულ „ენჯეოს“ აფინანსებს ევროპული ფონდი. მთავარი კითხვაა, ამ პროექტში ერთი ცენტი მაინც თუ არის დასავლური, ევროპული თუ ამერიკული ფულის. ეს არის პირდაპირ დარღვევა იმ ღირებულებისა, რომლისთვისაც ამერიკელი თუ ევროპელი გადასახადის გადამხდელები იხდიან ფულს და მთავრობას აძლევენ იმის ლეგიტიმაციას, რომ სხვა ქვეყანაში ეს ფული დახარჯოს. თუკი ასეთ ღირსების შემლახველ პროექტებში ერთი თეთრი თუ ცენტი მაინც არის დახარჯული ევროპული ფულისა, ეს იქნებოდა სკანდალი. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ითქვას, ვინ აფინანსებს ამ პროექტს.

ვიცით, რომ ამ „ენჯეოს“ აფინანსებს ევროპის დემოკრატიის ფონდი EED, სხვათა შორის ფარულად აფინანსებს, საერთოდ ფარულად მოქმედებს ეს ორგანიზაცია, რომელშიც რამდენიმე ევროპარლამენტარი არის გაერთიანებული. სამწუხაროდ, ამ ფარულობას ჩვენ ვერანაირად ვერ ავხადეთ ფარდა. ეს არის გარკვეული კონსპირაციულად მოქმედი დაფინანსებები. ამიტომ, შეგიძლიათ, მიმართოთ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას და საინტერესოა, ვიცოდეთ, ევროპული ფულის ერთი ცენტი მაინც თუ იხარჯება ამ უღირს და ღირსების შემლახველ პროექტში. რა თქმა უნდა, ეს იქნებოდა დიდი სკანდალი“, – განუცხადა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.