შალვა პაპუაშვილი - გახსოვთ, როგორ იხუტებდნენ თავდამსხმელებს სხვადასხვა დიპლომატები და საქართველოს მომავალს ეძახდნენ, ეს იყო მომზადება, რათა ამ კულმინაციამდე მისულიყვნენ
ვინმეს სხვა აზრი აქვს, რომ გუშინდელი სახელმწიფო გადატრიალება არ იყო გუშინწინდელი აქციის გაგრძელების ნაწილი? ეს არის ერთი ჯაჭვი, რომელიც შარშან საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აეწყო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„როდესაც მათმა მფარველებმა ნახეს, რომ ვერ დასვეს საქართველოს ხელისუფლებაში საკუთარი მარიონეტული რეჟიმი, რათა არადემოკრატიული გზით-სახელმწიფო გადატრიალებით ჩაეგდო ხელში ხელისუფლება მათთვის სასურველ მარიონეტებს, სწორედ ამის ნაწილი იყო მიმდინარე ზიზღის კამპანია, რომელიც ჩვენ ამის შემდეგ გვქონდა.
გახსოვთ დევნა პარლამენტის ქალი წევრების მიმართ, ბავშვებთან ერთად მათი დევნა, შეურაცხყოფა, თავდასხმა. გახსოვთ, როგორ იხუტებდნენ ამ თავდამსხმელებს სხვადასხვა დიპლომატები, რომლებიც მათ საქართველოს მომავალს ეძახდნენ. ეს იყო მომზადება, ადამიანების ზიზღით დატვირთვა, რათა ამ კულმინაციამდე მისულიყო და ხელი აღემართათ საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაზე, წასულიყვნენ შტურმზე. ამას ემსახურებოდა ეს ყოველდღიური ისტერია, რომელიც მათ ჰქონდათ ღამ-ღამობით.
ეს ზიზღით, სიძულვილით დამუხტვა იყო და მეორეს მხრივ ჩვენება, რომ ეს ტერორიზმი არის თავისუფლებისთვის ბრძოლა, რომ ისინი არიან საქართველოს მომავალი, რომ ესაა ევროპა, რომ მოლოტოვის კოქტეილი ევროპაა და ამას აფინანსებდნენ ევროკავშირის ბიუჯეტიდან“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, არჩევნები ყოველთვის ხელსაყრელი მომენტია პოლიტიკური კულმინაციისთვის.
„დააანონსეს, რომ 4 ოქტომბერს იქნებოდა ხელისუფლების დამხობა, შემდეგ ბრიუსელის პრეს-სპიკერმა მხარი დაუჭირა და სოლიდარობა გამოუცხადა 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის აქციას. ათი დღის განმავლობაში, ლამის, ყოველდღე ხაზს ვუსვამდი ჰიპერის ამ განცხადებას, რომ ეს იყო წახალისება 4 ოქტომბრის ძალადობისა. კაციშვილი არ გამიჯვნია ამას ბრიუსელიდან, არც მათი წარმომადგენლობა საქართველოში ევროკავშირის საელჩოს სახით.
გუშინ ვიხილეთ, როგორ ასრულდა ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. საზოგადოება არ ივიწყებს იმ განცხადებას, რომელიც იყო სოლიდარული სახელმწიფო გადატრიალების და ხელისუფლების დამხობის აქციის მიმართ. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამ მცდელობამ დაიწყო ასრულება და მათმა მარიონეტებმა ხელი აღმართეს საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაზე და სცადეს შტურმი, საქართველოს საზოგადოება ახლა უფრო დაჟინებით მოელის პასუხს იმ მხარდაჭერასთან დაკავშირებით, რომელიც თავის დროზე გამოუცხადეს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.