შალვა პაპუაშვილი - გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობა“ არის საქართველოს დამოუკიდებლობის მტერი, ამიტომ დადიან საზღვარგარეთ, ამიტომ ცდილობენ უცხოური დახმარების მიღებას
შალვა პაპუაშვილი - გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობა“ არის საქართველოს დამოუკიდებლობის მტერი, ამიტომ დადიან საზღვარგარეთ, ამიტომ ცდილობენ უცხოური დახმარების მიღებას

ახლახან აღვნიშნეთ საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის 35 წლისთავი. სიმბოლურია, რომ ვხედავთ ჯგუფებს, რომლებიც დამოუკიდებლობას ებრძვიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილმა უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, რომლის მიხედვით, „ოპოზიციის ალიანსის“ წევრები – ლევან სანიკიძე, თინა ბოკუჩავა და თამარ ჩერგოლეიშვილი თურქეთში იმყოფებიან.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობა“ არის საქართველოს დამოუკიდებლობის მტერი.

„ჩვენ ახლახან, 31 მარტს აღვნიშნეთ საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის 35 წლისთავი. ძალიან სიმბოლურია, რომ დღეს ვხედავთ იმ ჯგუფებს, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობას ებრძვიან. ესენი არიან ჯგუფები, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მოქმედებენ, ვინაიდან მათი პოლიტიკური გზა არის უცხოელების დახმარებით ხელისუფლების შეცვლა, არადემოკრატიული გზით. ასე რომ, დღეს ეს არჩევანია. კვლავ გაერთიანებულმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ არჩევანი დგას დამოუკიდებლობის მომხრეებსა და დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგეებს შორის. გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფნისას აჩვენებდა, რას ნიშნავს, როცა არ ხარ დამოუკიდებელი ქვეყანა და მოქმედებ უცხოელების დავალებით.

რა მოვლენებშიც გახვია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველო ხელისუფლებაში ყოფნისას, ომებისა და კრიზისების ჩათვლით, ეს სწორედ იმის მაგალითია, რას ნიშნავს, არ იყო დამოუკიდებელი ქვეყანა. არის დამოუკიდებლობის მომხრე ქართველი ერი, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ მისცა სახელისუფლებლო მანდატი. სწორედ ჩვენმა დამოუკიდებელმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, რომ გვაქვს ეკონომიკური ზრდა და არა ეკონომიკური კოლაფსი, როგორც ამას დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგეები მოგვიწოდებდნენ – სანქციების დაწესებითა და რუსეთთან ესკალაციის გზით. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი ეროვნული ინტერესები წინ წავწიოთ.

ეს არის მაგალითი, რას ნიშნავს, იყო საქართველოს დამოუკიდებლობის მტერი. გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობა“ არის საქართველოს დამოუკიდებლობის მტერი. ამიტომ დადიან სხვადასხვა ქალაქში საზღვარგარეთ, ამიტომ ცდილობენ, უცხოური დახმარება მიიღონ. თავადვე აცხადებენ, რომ დადიან გეგმით – მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში როგორ მოემსახურება საქართველო და ქართველი ხალხი უცხო ქვეყნების ინტერესებს. ვნახოთ, ვის დარწმუნებას შეძლებენ ან ვერ შეძლებენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.