შალვა პაპუაშვილი გაერთიანებულ სამეფოში შეხვედრებს გამართავს
შალვა პაპუაშვილი გაერთიანებულ სამეფოში შეხვედრებს გამართავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტს იწყებს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის პირველ დღეს შალვა პაპუაშვილი შეხვედრებს ლორდთა პალატისა და თემთა პალატის თავმჯდომარეებთან, ასევე, თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების წარმომადგენლებთან გამართავს. დაგეგმილია შეხვედრები გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელთან და ჯგუფის წევრებთან, ასევე, უსაფრთხოების საკითხებში გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ლონდონში გამართულ შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდება ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე, ასევე, საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და უსაფრთხოების საკითხებზე.

„საუბარი გვექნება, ძირითადად, როგორც საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, ასევე, ჩვენს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე. ძირითადი თემები, რომლებსაც განვიხილავთ, არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა. ვისაუბრებთ, თუ როგორ შეიძლება პარტნიორობის გაღრმავება. ვისაუბრებთ უსაფრთხოების, ვაჭრობისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობაზე. გართულებული პოლიტიკური და უსაფრთხოების გარემოდან გამომდინარე, ყურადღებას გავამახვილებთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე. მოგეხსენებათ, დიდი ბრიტანეთი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების ერთ-ერთი გულმხურვალე მხარდამჭერია. საუბრის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება. ასევე, ვიმსჯელებთ იმ ახალი იდეის დეტალებზე, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ გაჟღერდა – ვგულისხმობ, ბრიტანეთი-პოლონეთი-უკრაინის სამთა ალიანსს. გვაინტერესებს, რა მიმართულებით ფიქრობენ ისინი, რომ ეს ალიანსი განვითარდეს და ასევე, ვიმსჯელებთ, ამ საუბრებიდან გამომდინარე, რამდენად შესაძლებელია, ამ სამმხრივ ფორმატში ჩაერთოს საქართველოც“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ნიკოლოზ სამხარაძემ.