შალვა პაპუაშვილი - ფსევდოლიბერალურ პროპაგანდასთან დაკავშირებით ენჯეოსექტორი დუმს, სივრცე ღიაა, ვიმსჯელოთ, რომ უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის უფლებები და მანკიერი პროპაგანდისგან დაცვა
შალვა პაპუაშვილი - ფსევდოლიბერალურ პროპაგანდასთან დაკავშირებით ენჯეოსექტორი დუმს, სივრცე ღიაა, ვიმსჯელოთ, რომ უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის უფლებები და მანკიერი პროპაგანდისგან დაცვა

ფსევდოლიბერალურ პროპაგანდასთან დაკავშირებით ენჯეოსექტორი დუმს, სივრცე ღიაა, ვიმსჯელოთ, რომ უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის უფლებები და მანკიერი პროპაგანდისგან დაცვა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც „საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“.

„მახსოვს, ჯერ კიდევ კონსტიტუციური რეფორმის დროს, 2017 წელს, როდესაც ქორწინების დეფინიცია განისაზღვრა, როგორც კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის, მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციების საჯარო ერთობლივი განცხადებაც კი იყო ამასთან დაკავშირებით. ისინი ეწინააღმდეგებოდნენ, რომ ქორწინების დეფინიცია ყოფილიყო, როგორც ორ სხვადასხვა სქესს შორის კავშირი. ეწინააღმდეგებოდნენ იმ არგუმენტაციით, რომ დაშვებული უნდა იყოს, მათ შორის, შესაძლებლობა ერთნაირსქესიანთა ქორწინების.

დღეს ვხედავთ, რომ ენჯეოსექტორი ჩუმად არის, თუმცა ისინი სხვა დროს არ იყვნენ ჩუმად, ამ საკითხზე გარკვეული პოზიციები დაფიქსირებული აქვთ. ეს არის სერიოზული თემა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას უდგას. საქმე ისაა, რომ ჩვენ არ უნდა ჩავდგეთ იმ მდგომარეობაში, სადაც სხვა ქვეყნები უკვე აღმოჩნდნენ, როდესაც ამ მანკიერი წრიდან გამოსვლა უჭირთ, პრემიერ-მინისტრების დონეზე უწევთ შემდეგ რაღაც განცხადებების კეთება. ჩვენ აქამდე არ უნდა მივიდეთ, რადგან შემდეგ რთულია ამ მანკიერი წრის გარღვევა. დრო არის, სივრცე ღიაა, რათა ვიმსჯელოთ, როგორ მოხდეს იმის ჩამოყალიბება, რომ, ერთი მხრივ, სრულად უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის უფლებები, მეორე მხრივ, ასევე უზრუნველყოფილი იყოს საზოგადოების უფლებები და მანკიერი პროპაგანდისგან დაცვა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.