შალვა პაპუაშვილი - ფრანგი ან გერმანელი პოლიტიკოსების მოწოდებებს როცა ვხედავთ, აქ კითხვა პირიქით გვაქვს, რატომ იხარჯება მათი გადასახადის გადამხდელთა ფული ფარულად საქართველოში?
შალვა პაპუაშვილი - ფრანგი ან გერმანელი პოლიტიკოსების მოწოდებებს როცა ვხედავთ, აქ კითხვა პირიქით გვაქვს, რატომ იხარჯება მათი გადასახადის გადამხდელთა ფული ფარულად საქართველოში?

ფრანგი ან გერმანელი პოლიტიკოსების მოწოდებებს როცა ვხედავთ, აქ კითხვა პირიქით გვაქვს, რატომ იხარჯება მათი გადასახადის გადამხდელთა ფული ფარულად საქართველოში? – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოსთვის გამოწვევაა, რომ ევროკავშირის ქვეყნების გადასახადების გადამხდელების ფულით ევროპული ფონდების მეშვეობით პოლიტიკური პარტიები და რადიკალური ჯგუფები ფარულად ფინანსდებიან.

„საფრანგეთი მსჯელობს გამკაცრებაზე, გერმანიაში მოქმედებს ლობისტების რეესტრი, სადაც „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ გერმანული ფილიალი რეგისტრირებულია, როგორც ლობისტი და უფრო მეტ ინფორმაციას ასაჯაროებს, ვიდრე ჩვენი კანონითაა მოთხოვნილი, მათ შორის, პოლიტიკოსებთან ყოველი შეხვედრა უნდა გაასაჯაროონ, რა იყო ამ შეხვედრის შინაარსი. ვხედავთ, რომ საფრანგეთში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა შემოაქვთ და მიყურადების შესაძლებლობასაც იძლევიან გარკვეულ შემთხვევებში. ესეც აჩვენებს, რომ ზოგიერთი სამყაროს ასე უყურებს, რაც მისაღებია იუპიტერისთვის, არაა მისაღები ხარისთვის და, სამწუხაროდ, ზოგიერთებს ჩვენ ხარი ვგონივართ და საკუთარი თავი – იუპიტერი.

აქ მეორე გარემოებაცაა მნიშვნელოვანი. როცა ვხედავთ ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნის ლიდერების თუ პოლიტიკოსების განცხადებას, საქართველოს ერთ-ერთი გამოწვევა ზუსტად ისაა, რომ ამ ქვეყნების გადამხდელების ფულით ევროპული ფონდების მეშვეობით ფარულად პოლიტიკური პარტიები და რადიკალური ჯგუფები ფინანსდებიან. როცა ვხედავთ, ფრანგი, ან გერმანელი, ან სხვა ევროპელი პოლიტიკოსების მოწოდებებს, აქ კითხვა პირიქით გვაქვს, რატომ იხარჯება ფრანგი და გერმანელი გადასახადის გადამხდელების ფული ევროპული ფონდების გამოყენებით ფარულად საქართველოში? ეს კითხვა რამდენჯერმე დავსვი. სამწუხაროდ, ამაზე საუბრების დროს არის გარკვეული აღიარებები, რომ იყო გარკვეული პროექტები, რომელსაც პოლიტიკური ხასიათი აქვს, ფინანსდებოდა რადიკალური ჯგუფები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, თუ რატომ არაფერს აკეთებს გერმანიის, საფრანგეთის და ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების საელჩოები, რათა დაფინანსება გამჭვირვალე იყოს.

„მაგალითად მოვიყვან „დროას“, რომელიც პირდაპირ იყო პოლიტიკური პარტიის ფარულად დაფინანსება; „სირცხვილია“, რომელიც იყო რადიკალური ჯგუფის დაფინანსება, ახდენდა „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზებას. ეს ფინანსდებოდა გერმანელების, ფრანგების, პოლონელების და სხვების ფულით. კითხვა მარტივია, რატომ არაფერს აკეთებს გერმანია, საფრანგეთი, ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყანა, მათი საელჩოები, აქ რატომ არაფერს აკეთებენ, რომ ეს ფული გამჭვირვალე იყოს? რანაირი სტანდარტია, როდესაც ევროკავშირი პარტნიორ, კანდიდატ ქვეყანაში ფარულად აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს და რადიკალურ ჯგუფებს? ესაა ევროკავშირის ფული, რომელიც იხარჯება ევროკავშირის „დემოკრატიის ფონდის“ მეშვეობით, ფარულად. რადიკალური ჯგუფების წასახალისებლად, პოლიტიკური პარტიების დასაფინანსებლად.

ზუსტად ეს ფონდი გაეხვია სკანდალში, როდესაც შემთხვევით აღმოჩნდა, რომ იმ ადამიანების ჯარიმებს იხდიდნენ, რომლებიც პოლიციელებსა და პარლამენტს თავს ესხმოდნენ. სხვათა შორის, ახლაც მიდის პროცესები, მოხდა პარლამენტზე, პოლიციელებზე თავდასხმა, უნდა დაინტერესდნენ ის „ენჯეოები“, რომლებიც გამჭვირვალობაზე ზრუნავენ, შემთხვევით ამ სამართალდამრღვევების ჯარიმებს ხომ არ იხდის ევროკავშირი და ამით ხომ არ ახალისებს მოძალადეებს? კითხვები ჩვენ მიმართ კი არ არის, ჩვენ გვაქვს კითხვები მათ მიმართ, რატომ ხდება მათი მოქალაქეების ფულით ფარულად საქართველოში პოლიტიკური პარტიების და რადიკალური ჯგუფების დაფინანსება? ზუსტად ამის გამჭვირვალობაზეა საუბარი. როგორც ჩანს, პრობლემა აქვს ევროკავშირში ზოგიერთ პოლიტიკოსს, რომ ცხადი არ გახდეს, როგორ ფინანსდება მავნე გავლენები“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.