შალვა პაპუაშვილი - ფინეთის პრემიერისგან მოვისმინეთ ჩვენს მისწრაფებაზე მხარდაჭერა, დარწმუნებული ვარ, ევროპული საბჭოს ფორმატში მისგან დადებითი ხმა გვექნება
შალვა პაპუაშვილი - ფინეთის პრემიერისგან მოვისმინეთ ჩვენს მისწრაფებაზე მხარდაჭერა, დარწმუნებული ვარ, ევროპული საბჭოს ფორმატში მისგან დადებითი ხმა გვექნება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ფინეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ სანნა მარინს შეხვდა.

შალვა პაპუაშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობასთან დაკავშირებით ფინეთის მხრიდან მხარდაჭერა აქვს.

პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანი იყო, რომ ფინეთის პრემიერის მხრიდან მოისმინეს მხარდაჭერა საქართველოს მისწრაფებაზე.

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ დარწმუნებულია, ევროპული საბჭოს ფორმატში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ფინეთის პრემიერი, საქართველოს მისგან დადებითი ხმა ექნება.

„ძალიან მნიშვნელოვანი დღე და შეხვედრები იყო. შეხვედრა გაიმართა ფინეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან და პარლამენტის წევრებთან, პრემიერ-მინისტრთან, ევროპის საკითხებში მინისტრთან. ფინეთის მხრიდან საქართველოს კანდიდატობის თაობაზე აქვს მხარდაჭერა. მნიშვნელოვანია, რომ ფინეთი თავად არის მსგავს სიტუაციაში, როგორც საქართველო. თქვენ იცით, მათ განაცხადეს ნატო-ში გაწევრიანების სურვილი. სწორედ იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომელზეც თავის განცხადებას აფუძნებს საქართველო, საფრთხეებიდან და რისკებიდან გამომდინარე, რომელიც ფინეთს აქვს მეზობლის მხრიდან, ვფიქრობ, რომ ფინეთში არის შინაგანი სოლიდარობა საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ გეოპოლიტიკურად ასეთ რთულ მდგომარეობაში. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იყო, რომ პრემიერის მხრიდან მოვისმინეთ სიტყვები და მხარდაჭერა ჩვენს მისწრაფებაზე, რომელიც შეეხება ევროკავშირის კანდიდატობას და დარწმუნებული ვარ, რომ ევროპული საბჭოს ფორმატში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ფინეთის პრემიერი, მისი დადებითი ხმა გვექნება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან,საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შალვა პაპუაშვილმა, ასევე, დეტალურად ისაუბრა იმ პროგრესზე, რომელსაც საქართველომ ასოცირების შეთანხმების განხორციელების კუთხით მიაღწია. შეხვედრაზე უკრაინაში რუსეთის აგრესია და მისი შედეგები მიმოიხილეს. აღინიშნა, რომ რუსეთის პოლიტიკა 2008 წელს საქართველოში და 2014 წელს უკრაინაში განხორციელებული აგრესიის გაგრძელებაა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ევროპულ საქმეთა საკითხებში ფინეთის რესპუბლიკის მინისტრმა, ტიტი ტუპურაინენმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი სკანდინავიის ქვეყნებში გრძელდება. საპარლამენტო დელეგაციაში შედიან დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, მაია ბითაძე და ჰერმან საბო.