
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ფეიკნიუსებთან ბრძოლა თანამედროვე დემოკრატიების ერთ-ერთი მთავარი მიზანი და გამოწვევაა და ფეიკნიუსებს საქართველოც უნდა ებრძოლოს.
პაპუაშვილის თქმით, მედიასთან დაკავშირებით საქართველოში მიღებული იქნება ბრიტანული სტანდარტი.
„რაც შეეხება მედიასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას, ესეც არის გამოწვევა, რომელიც, მათ შორის, ვნახეთ ამ სკანდალური მხილებებიდან გამომდინარე, ამ შემთხვევაში, აშშ-ის ბიუჯეტიდან თურმე სხვადასხვა ორგანიზაციის მეშვეობით თანხები იხარჯებოდა ორგანიზაციებში, მედიასაშუალებებში, რათა გაეტარებინათ საკუთარი ნარატივი, საკუთარი გავლენა ამა თუ იმ ქვეყანაში თუ საერთაშორისო მედიის დონეზე. აქაც ვნახეთ მხილებები, როგორ იჯდა დაფინანსებაზე ესა თუ ის მედია, რათა ზუსტად ის პროპაგანდა გაეტარებინა, რომელიც დამფინანსებელს სურდა; მეორე – ჩვენ ვსაუბრობთ ფეიკნიუსებზე, როგორც მთავარ გამოწვევაზე თანამედროვე სამყაროში, რა დამაზიანებელი შედეგები შეიძლება ჰქონდეს ფეიკნიუსებს, ამას საქართველოშიც ვხედავთ ხშირად და სხვებიც ხედავენ.
ასე რომ, ფეიკნიუსებთან ბრძოლა არის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და გამოწვევა თანამედროვე დემოკრატიების და ჩვენც უნდა ვებრძოლოთ ფეიკნიუსებს. აქაც საერთოდ არაფერს ახალს არ გამოვიგონებთ. ავიღებთ ბრიტანულ სტანდარტს, რომელიც მიღებულია, მათ შორის, მედიასთან დაკავშირებით, გადმოვიტანთ პირდაპირ ბრიტანულ სტანდარტს. რამე კითხვა არის ამ სტანდარტთან? მიმართეთ დიდ ბრიტანეთს ან მის საელჩოს საქართველოში და განგიმარტავენ. რაიმე კრიტიკული მოსაზრება თუ გაქვთ, შეგიძლიათ, გააკრიტიკოთ ბრიტანეთი და მისი საელჩო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ფეიკნიუსებთან ბრძოლას სიტყვის თავისუფლებასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
„დეზინფორმაცია არ არის დაცული სიტყვის თავისუფლებით. ასე რომ, ფეიკნიუსებთან ბრძოლას სიტყვის თავისუფლებასთან არანაირი კავშირი ამ მხრივ არ აქვს. დეზინფორმაცია არ არის დაცული სიტყვის თავისუფლებით. სტანდარტებს სინამდვილეში დადგენაც არ სჭირდება, საღი აზრი გვეუბნება, რომ არ უნდა მოიტყუო, რომ ინფორმაცია უნდა გადაამოწმო. ეს საღი აზრის დონეზეც კი გასაგებია. მიუხედავად იმისა, რომ საღი აზრი ამას გვეუბნება, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სხვადასხვა სახის ეთიკის კოდექსები, ამის დაცვა არ ხდება. რატომ? იმიტომ, რომ არ არსებობს პროცედურები ამის ეფექტიანი დაცვისა. დღევანდელი კანონმდებლობით არსებობს გარკვეული მექანიზმები თავად მედიაში, რომელიც არაეფექტიანია. ამიტომ აქ მთავარია პროცედურები, რომ თუ ვრცელდება რაღაც ფეიკნიუსი მასთან დაკავშირებით და ა.შ., მოქალაქეს ჰქონდეს შესაძლებლობა, სიმართლე იქნეს დადგენილი, მათ შორის, მედიაორგანიზაციებიც პასუხისმგებლობით მოეკიდონ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ პროცედურები არის ზუსტად იგივე, რაც ბრიტანეთში.
„არაფერი ახალი აქ არ იქნება. დღევანდელი კანონმდებლობით თუ რეგულაციებით რაც გვაქვს, ერთია საკანონმდებლო ბაზა, რომელიც არის მწირი და ჩარჩოში ჩასმული, არის შემდეგ გავრცობილი სხვადასხვა, მათ შორის, თავად მედიასაშუალების შიდა ეთიკური სტანდარტებით ან ცალკეული ჟურნალისტური გაერთიანების ეთიკური სტანდარტებით, მაგრამ ხედავთ, რომ არის არაეფექტიანი. თვითრეგულაციის ნაწილი არის არაეფექტიანი და, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, არსებობდეს პროცედურები, რომლებიც არ იქნება მინდობილი მედიაზე, რომ იყოს ამ დეზინფორმაციის აღმკვეთი, რომელიც თავად ავრცელებს დეზინფორმაციას, არამედ მოქალაქეებს ჰქონდეთ საშუალება, თავი დაიცვან ფეიკნიუსისგან. ზუსტად ისე იქნება, როგორც ბრიტანეთში, ჩახედეთ ბრიტანეთს და ნახავთ.
აქ სიმკაცრეზე და სირბილეზე კი არ არის საუბარი, საუბარია იმაზე, რომ მიღწეული იყოს მიზანი, რომელიც საზოგადოებას აქვს დასახული. ვფიქრობ, თქვენიც, როგორც მოქალაქის, მიზანი ეს უნდა იყოს. არ ვიცი, როგორც „ფორმულას“ წარმომადგენელს, შეიძლება, ეს მიზანი არ ჰქონდეს, მაგრამ როგორც მოქალაქის მიზანი უნდა იყოს, რომ საზოგადოება იყოს სათანადოდ ინფორმირებული და არ იყოს დეზინფორმირებული. რა პროცედურა და მეთოდიც არის ამისთვის ყველაზე ეფექტიანი, ზუსტად ის იქნება შემოღებული. ბრიტანული სტანდარტი არის ამ მხრივ დროში გამოცდილიც და იქნება უფრო ეფექტიანი, რომ დეზინფორმაციამ კი არ წალეკოს საზოგადოების ტვინები და მოხდეს მათი დაბნევა, მოტყუება ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, არამედ მიიღონ ინფორმაცია. საზოგადოებას აქვს უფლება, იყოს ინფორმირებული და აქვს უფლება, არ იყოს დეზინფორმირებული. ამის უზრუნველყოფას მოახდენს ეს კანონმდებლობა.
ჩვენ ვნახეთ, მათ შორის, ამერიკაში სკანდალური მხილებები, რომლებსაც აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ბოლო დღეებში აქტიურად ახდენს. ვნახეთ, რომ აშშ-ის საბიუჯეტო სახსრები მიემართებოდა ამა თუ იმ მედიაორგანიზაციაში იმისთვის, რომ ამ ორგანიზაციას გაეტარებინა წინა ადმინისტრაციის თუ ცალკეული მისი ინსტიტუციებისთვის საჭირო ნარატივი. ეს იყო, ჩვეულებრივად, ფული მიმართული პროპაგანდისთვის, რათა გაეტარებინა აშშ-ის წინა ადმინისტრაციის სხვადასხვა სტრუქტურის გავლენა სხვა ქვეყანაში თუ საერთაშორისო დონეზე. მათ შორის, ვნახეთ საერთაშორისო გამოცემები, რომლებიც ინტენსიურად და ძალიან უხვად ფინანსდებოდა საბიუჯეტო სახსრებით, რათა ისინი ყოფილიყვნენ ლოიალური არა მისი მკითხველის, მისი საზოგადოების მიმართ, არამედ მისი დამფინანსებელი ქვეყნის თუ ორგანიზაციის მიმართ. ამიტომ ეს არის გამოწვევა, რომელზეც სხვა დროსაც ვსაუბრობდით, მაგრამ ახლა ინვოისები გვანახეს პირდაპირ ამერიკელებმა, ის რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ინვოისები, როგორ ერიცხებოდა ფული სხვადასხვა მედიასაშუალებას, რათა დამფინანსებლის გავლენა გატარებულიყო ამ მედიასაშუალებით. მედიასაშუალება მომსახურებოდა არა სიმართლეს, არა საზოგადოებას, არამედ მომსახურებოდა თავის დამფინანსებელს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
მმართველ გუნდში გუშინ, 5 თებერვალს განაცხადეს, რომ დაინიცირდება მედიის კანონი, რომელიც იქნება მიღებული ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად. მამუკა მდინარაძის თქმით, „კანონით დადგინდება მედიის ობიექტურობის, აგრეთვე, ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები, განისაზღვრება აღნიშნული სტანდარტების მონიტორინგისა და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები. შეიზღუდება მედიასაშუალებების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან და ეს არ შეეხება კომერციული რეკლამიდან მიღებულ და სხვა ამგვარ შემოსავლებს“.