შალვა პაპუაშვილი - ევროსაბჭოს რეზოლუციაში სწორედ ის არის მნიშვნელოვანი, რომ ყველა ხედავს პროგრესს, ჩვენი ოპოზიციის ნაწილისგან განსხვავებით
შალვა პაპუაშვილი - ევროსაბჭოს რეზოლუციაში სწორედ ის არის მნიშვნელოვანი, რომ ყველა ხედავს პროგრესს, ჩვენი ოპოზიციის ნაწილისგან განსხვავებით

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში სწორედ ის არის მნიშვნელოვანი, რომ ყველა ხედავს პროგრესს, ჩვენი ოპოზიციის ნაწილისგან განსხვავებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკომისიის 12 პუნქტთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც დამოკიდებული იყო საპარლამენტო უმრავლესობაზე, შესრულებულია.

„ჩვენ შარშან, როდესაც საშემოდგომო სესია დასრულდა, მოკლე შეჯამება გვქონდა 12 პუნქტთან დაკავშირებით გაწეული საქმიანობისა და ძირითადი საკითხები, მინიმუმ, ის საკითხები, რომლებიც დამოკიდებული იყო საპარლამენტო უმრავლესობაზე, არის შესრულებული. არის საკითხები, რომელიც ჩვენზე დამოკიდებული არ იყო, რამდენიმე პოზიციაზე არჩევის საკითხი, რასაც სჭირდება კვალიფიციური უმრავლესობა, და ორი კანონპროექტი, რომლებზეც ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით ვენეციის კომისიის მოსაზრებას. თუმცა, სწორედ ის არის მნიშვნელოვანი ევროსაბჭოს რეზოლუციაში, რომ, ერთი მხრივ, ყველა ხედავს პროგრესს, სამწუხაროდ, ჩვენი ოპოზიციის ნაწილისგან განსხვავებით, და რომ ეს პროგრესი არის და ბევრი რეკომენდაცია უკვე შესრულებულია. მაგრამ ამავე დროს მნიშვნელოვანია სწორედ ყველა მხარის მონაწილეობა, განსაკუთრებით იმ საკითხებში, რომლებიც შეეხება ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობა მარტო ვერ შეძლებს. მაგალითად, ომბუდსმენის თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუცია, სადაც საუბარია ევროკომისიის 12 რეკომენდაციაზე ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო სტატუსის მისაღებად, რისკენაც საქართველოს მიისწრაფვის.