შალვა პაპუაშვილი - ევროპულმა საბჭომ სწორედ ამიტომ ახსენა დეპოლარიზაცია, რომ უნდა დაინახოს პოლიტიკური ჯგუფების მეტნაკლებად ერთობლივი მუშაობა
ევროპულმა საბჭომ სწორედ ამიტომ ახსენა დეპოლარიზაცია, რომ უნდა დაინახოს ქართული პოლიტიკური ჯგუფების მეტნაკლებად ერთობლივი მუშაობა. თავად ის ფაქტი, თუ არ ჩაერთვება ოპოზიციის ნაწილი ამ მუშაობაში, უკვე დააზიანებს ჩვენს მუშაობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვას განცხადებაზე, რომელიც ხელისუფლების მიერ შემუშავებულ გეგმას ეხება. გრეგოროვამ ოპოზიციის ნაწილს, რომელიც უარს აცხადებს პროცესში ჩართვაზე, ერთად მუშაობისკენ მოუწოდა: „გთხოვთ, კიდევ ერთხელ განიხილეთ ეს შესაძლებლობა, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირმა დაინახოს, რომ მზაობა არსებობს ორივე მხრიდან“.
როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, არის რეკომენდაციები, რომელზეც უნდა იმუშაოს პარლამენტმა და აღნიშნა, რომ მათ შორის კანონები უნდა მიიღოს პარლამენტმა.
„პარლამენტი კანონებს ვერ მიიღებს „ქართული ოცნების“, უმრავლესობის გარეშე. რა ფორმატი წარმოუდგენია ოპოზიციას ჩვენ გარეშე, მიკვირს. არ არსებობს რაიმე გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლების გარეშე. ამიტომ, კიდევ ერთხელ, დღეს ვინც ამ პროცესს ემიჯნება, ემიჯნება საქართველოს ევროპულ მომავალს.
ჩვენ ვნახეთ, რომ ოპოზიციამ 12 რეკომენდაციის განხორციელებაში ჩართვის წინაპირობად დაასახელა მე-13 წინაპირობა და თქვეს, თუკი ეს მე-13 წინაპირობა დაკმაყოფილდებოდა, ისინი ჩაერთვებოდნენ საქართველოს ევროპული მომავლის საქმეში. ანუ თუკი მათ მიერ დაყენებული წინაპირობა, ულტიმატუმი არ დაკმაყოფილდება, ისინი უარს ამბობენ საქართველოს ევროპული მომავლის საქმეში ჩართვაში. აქედან ხომ დასკვნა ნათელია. ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ სხვადასხვა საკითხი. ერთი საკითხია, რომელიც შეეხება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით. ევროპულმა საბჭომ თქვა, რომ ეს არის 12 პრიორიტეტი, რაზეც უნდა იმუშაოთ. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. სხვა ბევრი საკითხი შეიძლება, არსებობდეს საქართველოში და ამის მიბმა, ამის წინაპირობად, ულტიმატუმად დაყენება, ოპოზიცია ამბობს, მე მაშინ ვიქნები ევროპული, თუკი ჩემს რაღაც წინაპირობას დამიკმაყოფილებ, თუ არა, არ ვიქნები ევროპული, არ ჩავერთვები ამ საქმეში. ის, რომ ოპოზიცია არ მონაწილეობს, ამით უკვე აზიანებს ამ პროცესს, ვინაიდან ევროპულმა საბჭომ სწორედ ამიტომ ახსენა დეპოლარიზაცია, რომ უნდა დაინახოს ქართული პოლიტიკური ჯგუფების მეტნაკლებად ერთობლივი მუშაობა. თავად ის ფაქტი, თუ არ ჩაერთვებიან ამ მუშაობაში, უკვე დააზიანებს ჩვენს მუშაობას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.