შალვა პაპუაშვილი - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია დაკომპლექტებული არ გვყავს, ამიტომ მისი უფლებამოსილების ცნობა-არცნობის საკითხი განხილული ვერ იქნება
ესტონელების, უკრაინელებისა და ზოგიერთი სხვა პოლიტიკური ჯგუფების ჭკუაზე როცა დადის ამხელა ასამბლეა და ქართველი ხალხის საწინაღმდეგო, თავდასხმის რეზოლუციებს იღებს, ამას სერიოზულობა დაკარგული აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებსა და ასამბლეაში დღეს დაგეგმილ დებატებთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.
„ძირითადი შემადგენლობა იგივეა, რაც ევროპარლამენტში. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უმრავლესობა აქვთ, მათი პოლიტიკური გავლენა გარანტირებულია და ხანდახან პერსონალური შემადგენლობაც კი იგივეა, რაც ევროპარლამენტში. დამოკიდებულებაც შესაბამისია. ასე რომ, ასეთ რეზოლუციებში არაფერი გასაკვირი არ არის. ვნახავთ იმავე სახელებს, იმავე ლიეტუველებს, იმავე ესტონელებს, იმავე უკრაინელებს, რომლებიც ევროსაბჭოში მანამდეც ქართველი ხალხის წინააღმდეგ გარკვეული მექანიზმების ამუშავებას ცდილობდნენ. 2022 წელს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, სადაც მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმრად აღიარეს და მისი გამოშვება მოგვთხოვეს. ასეთი რეზოლუციების შემდეგ საერთოდ რაზე უნდა ვისაუბროთ? ესტონელების, უკრაინელების და ზოგიერთი სხვა პოლიტიკური ჯგუფების ჭკუაზე როცა დადის ამხელა ასამბლეა და ქართველი ხალხის საწინაღმდეგო და თავდასხმის რეზოლუციებს იღებს, ამას სერიოზულობა დაკარგული აქვს. ამიტომ ერთმანეთს ელაპარაკონ, რადგან არ უნდათ, რომ ინკლუზიური დიალოგი იყოს. ვხედავთ, რომ მათ ყვირილი უნდათ და არა – დიალოგი. ეს ახალი ტენდენციაა, რასაც, სამწუხაროდ, გარკვეული ევროპული ჯგუფებიდან ვხედავთ, განსაკუთრებით, ზოგიერთი ომის აქტივისტისგან, რომელსაც სხვისი ხელით, უკრაინელების სისხლით უნდათ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ასე რომ, ასეთი ხალხის მხრიდან ჩვენი კრიტიკა ადასტურებს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. ასეთი ხალხი რომ გვაქებდეს, მაშინ ჩვენი საქმე ცუდად იქნებოდა, რადგან მათი ზრახვები ვიცით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხს, პაპუაშვილის თქმით, დელეგაცია დაკონპლექტებული არ ჰყავთ და უფლებამოსილების ცნობა-არცნობის საკითხი განხილული ვერ იქნება.
„მას შემდეგ, რაც იანვარში ქართველი ხალხის სუვერენიტეტის შემლახველი რეზოლუცია იყო მიღებული, სადაც ადამიანებად არ მიიჩნიეს საქართველოს მილიონ 120 ათასი მოქალაქე და მის საარჩევნო უფლებებს ლახავენ, რა თქმა უნდა, ამის შემდეგ მიღებული იყო გადაწყვეტილება. ეს ვაცნობე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია დაკომპლექტებული არ გვყავს, ამიტომ მისი უფლებამოსილების ცნობა-არცნობის საკითხი განხილული ვერ იქნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.