შალვა პაპუაშვილი - ევროპის აუდიტორთა დასკვნით, არასამთავრობო სექტორზე ევროკავშირის შვიდი მილიარდი გაუმჭვირვალედ იხარჯებოდა, თანხები გამოიყენებოდა ძალადობრივი აქციებისთვისაც
ევროპის აუდიტორთა სასამართლომ დაადასტურა, რომ არასამთავრობო სექტორზე ევროკავშირის შვიდმილიარდიანი ბიუჯეტი გაუმჭვირვალედ იხარჯებოდა. დასკვნის მიხედვით, ამ თანხების გამოყენება ხდებოდა ძალადობრივი საპროტესტო აქციების განსახორციელებლადაც, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
შალვა პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს ევროკავშირის აუდიტის დასკვნის შესახებ, რომლის მიხედვითაც, „2021-2023 წლებში შვიდი მილიარდი ევრო ძირითადად ლობიზმში გაიხარჯა“.
მისი თქმით, შვიდი მილიარდი ევრო როცა ტრიალებს გაუმჭვირვალედ, „იქ ზოგიერთი ხელს ითბობს“.
„ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რაზეც ვსაუბრობდით – ზოგს ამის დაჯერება არ უნდოდა, ზოგს – აღიარება და ზოგს – ამაზე პასუხისმგებლობის აღიარება, თუმცა მოუწიათ მას შემდეგ, რაც ამერიკაში ხელისუფლება შეიცვალა და ამხილა „ისფედის“, „ნედის“, სხვათა თაღლითური სქემები და პოლიტიკურად მოტივირებული ქცევა აღიარა. იმავეს ვსაუბრობდით ევროპულ ფონდებზე, „ევროპის დემოკრატიის ფონდზე“ და ახლა ევროპის აუდიტორთა სასამართლომ დაადასტურა, რომ 7-მილიარდიანი ბიუჯეტი გაუმჭვირვალედ იხარჯება. მათ შორის, ამ დასკვნის მიხედვით, ამ თანხების გამოყენება ხდებოდა ძალადობრივი საპროტესტო აქციების განსახორციელებლად. მგონი, ბევრი რაღაც გვეცნობა, პარალელები, საქართველოსთან დაკავშირებით რაც ხდება, რომ ეს თანხები გაუმჭვირვალედ იხარჯებოდა. შესაბამისად, აქ, ერთი მხრივ, ეჭვია, რომ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევისთვის ფულის გამოყენება ხდება, მეორე მხრივ კი, ავტომატურად კორუფციის ეჭვი წარმოიშობა. შვიდი მილიარდი ევრო როცა ტრიალებს გაუმჭვირვალედ, რა თქმა უნდა, იქ ზოგიერთი ხელს ითბობს. სამწუხაროდ, საქართველოშიც გრანტებთან დაკავშირებით ეს ეჭვი არსებობს და ამაზე საუბრობს ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, ზოგიერთი ჯერ – ჩუმად, კერძო საუბრებში ან ირიბად, მაგრამ უკვე ბევრი საუბრობს იმაზე, რომ გრანტების სისტემაში კორუფციაა, როცა ერთი და იგივე „ენჯეო“ იღებს ფულს, ერთი და იგივე ადამიანები არიან ექსპერტების სახით, რომლებიც ტრიალებენ სხვადასხვა „ენჯეოში“ და იღებენ სხვადასხვა დაფინანსებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.